ამ წუთებში სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია - ექიმი დაშავებულ მეორე ბავშვზე

პუბლიკა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი დავით ციბაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია. მისი თქმით, ის ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი.

დავით ციბაძის განცხადებით ხეჩინაშვილის კლინიკიდან 1 საათის წინ გადაიყვანეს „ნიუ ჰოსპიტალსში“.

ციბაძე ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობის გართულება მოსალოდნელია მინიმუმ 72 საათის განმავლობაში.

„ამ წუთებში სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული გართულებები, რომელიც ვიცით და მზად ვართ ამ გართულებებთან ბრძოლისთვის… არ ვიცით, რა იქნება მომავალში.

ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ანუ არის ხელოვნურ სუნთქვაზე. გონება დაბინდული აქვს. ეს ხდება ახლა, მე ვერ გეტყვით რა ხდებოდა მანამდე. გვაქვს მშრალი ინფორმაცია. იყო ელექტროტრამვა, ელექტროშოკი. მიიყვანეს ხეჩინაშვილში, მოხდა ინტუბაცია, ფილტვის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა და ამის შემდეგ ის ჩვენთან გადმოიყვანეს“, – თქვა ექიმმა.


დღეს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას შადრევანში დენმა 3 ბავშვს დაარტყა. მათგან ერთი დაიღუპა. მესამე ბავშვი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.