ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, სოფელ ჟონეთთან, ნამახვანის ჰესის სამშენებლო ტერიტორიასთან, მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მზარდი მობილიზაცია.
„იგეგმება საპროტესტო კარვების მოშლა და აქტივისტების ძალის გამოყენებით გაყვანა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მთავრობის ბოლო დაპირებებს მოსახლეობასთან დიალოგის განახლების შესახებ. მოვუწოდებთ მთავრობას, არ გამოიყენოს ძალა, პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკვე 95 დღეა აპროტესტებენ ნამახვან ჰესის მშენებლობას და გაითვალისწინოს მათი სამართლიანი მოთხოვნები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, რიონის ხეობაში, იქ, სადაც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი, დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მოსამზადებელი სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებული იყო მოსახელობაც, რომელიც ჰესის მშენებლობას უკვე 98 დღეა რაც აპროტესტებს. მათი თქმით, მათ პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები ააღებინეს და პოლიცია ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვრის დემონტაჟსაც გეგმავს.
„დღეს ნამახვანი ჰესის ინვესტორმა კომპანიამ სრულიად კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა საქმიანობა. ნამახვანი ჰესი, ისევე როგორც ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია,“ – ასეთი შეფასება მისცა ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.