ინვესტორმა კომპანიამ კანონიერად განაახლა საქმიანობა - მინისტრი ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლებაზე

პუბლიკა

„დღეს ნამახვანი ჰესის ინვესტორმა კომპანიამ სრულიად კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა საქმიანობა. ნამახვანი ჰესი, ისევე როგორც ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია,“ – ასეთი შეფასება მისცა ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრის კომენტარს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ყოველთვის იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მკაცრ მოთხოვნებს არ ვუყენებთ პროექტის ინვესტორს. პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა კვლევა, მათ შორის, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა. შედეგად, ნამახვანი ჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული და უსაფრთხოა. არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა და დაადასტურა, რომ იგივე გეოლოგიური თვალსაზრისით, ნამახვანი ჰესი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა სეისმოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა მინისტრმა.

დღეს, რიონის ხეობაში, იქ, სადაც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი, დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მოსამზადებელი სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებული იყო  მოსახელობაც, რომელიც ჰესის მშენებლობას უკვე 98 დღეა რაც აპროტესტებს. მათი თქმით, მათ პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები ააღებინეს და პოლიცია ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვრის დემონტაჟსაც გეგმავს.