ამაზე ჩვენ განმარტებას არ ვაკეთებთ – თალაკვაძე „პატრიოტთა ალიანსის“ აფხაზეთში ვიზიტზე

პუბლიკა

„ეს არის მათი გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ამაზე ჩვენ განმარტებას არ ვაკეთებთ და არც ვართ ვალდებულნი, რომ გავაკეთოთ“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებდა „პატრიოტთა ალიანსის“ ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს და რა პოზიცია აქვთ „ოცნებაში“ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებაზე ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან მიმართებაში.

„ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარებით შევძლებთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, მშვიდობა, სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. რაც შეეხება სხვა პოლიტიკური პარტიების ქმედებებს, ეს კითხვები უნდა დაუსვათ მათ, ეს არის მათი გადაწყვეტილებები. რასაკვირველია, ამაზე განმარტებებს არ ვაკეთებთ და არც ვართ ვალდებულნი, რომ გავაკეთოთ.  ასე რომ,  აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა არის გაცხადებული. ამაში ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა“, –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები 18 აგვისტოს აფხაზეთში იმყოფებოდნენ.

„მე და გიორგი ლომია ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“, – თქვა ირმა ინაშვილმა.


ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვენ. საქმე ეხება პლატფორმა „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას, რომლის მიხედვით, რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევას და გავლენის მოხდენას სწორედ „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობით ცდილობს. საუბარია რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობასა და ინფორმაციის მიწოდებაზე,  ასევე დაფინანსებასა და რამდენიმემილიონიან ბიუჯეტზე, რომლის გადახდასაც კრემლი „პატრიოტთა ალიანსისთვის“ აპირებს.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ  „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. ხოშტარიამ პატრიოტთა ალიანსის დაფინასებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა.