ელენე ხოშტარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინასებასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება შეიტანა

პუბლიკა

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. ხოშტარიამ პატრიოტთა ალიანსის დაფინასებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

„საგამოძიებო მასალა, რომელიც გახდა ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა და ძალიან დეტალურად და კონკრეტულად საუბრობს იმ დანაშაულზე, რომელსაც სჩადის “პატრიოტთა ალიანსი”. აქ არის ძალიან დეტალურ ინსტრუქციებზე საუბარი, თუ როგორ ავალებენ რუსეთიდან “პატრიოტთა ალიანსს” საქართველოში შუღლის გაღვივებას, სიძულვილის გაღვივებას, ანტიდასავლურ პროპაგანდას, ოპოზიციური პარტიების დაშავებას და რაც მთავარია, აქედან ასევე იგზავნება ადამიანების დოსიეები პირდაპირ კრემლში და ასევე, ამ ყველაფერში “პატრიოტთა ალიანსი” იღებს კონკრეტულ თანხებს. აქ არის ორ ეპიზოდზე საუბარი: ერთი 700 ათასი და მეორე 8 მილიონი მთლიანად საარჩევნო კამპანიაზე. არანაირი განცხადების შეტანა არ სჭირდება იმას, რომ პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე საგანგებოდ უნდა იწყებდეს გამოძიებას ძალიან ბევრი მუხლით”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვენ. საქმე ეხება პლატფორმა „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას, რომლის მიხედვით, რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევას და გავლენის მოხდენას სწორედ „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობით ცდილობს. საუბარია რუსეთის უშიშროების სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე,  ასევე დაფინანსებასა და რამდენიმემილიონიან ბიუჯეტზე, რომლის გადახდასაც კრემლი „პატრიოტთა ალიანსისთვის“ აპირებს.