მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ
ავტორი: ეკა მაღალდაძე
„ეს არის გზავნილი იმის შესახებ, რომ იმ კონგრესმენებისთვის, რომლებიც საქართველოს აკვირდებიან, არსებობს შეშფოთება სხვადასხვა საკითხზე: რუსეთის გავლენა და საქართველო, მოქმედი მთავრობის ურთიერთობა მოსკოვთან და ბატონი ივანიშვილის გავლენა“, – ამბობს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით. „ამით უნდა გაიგზავნოს სიგნალი ყველასთვის საქართველოში: პირველი, რომ ამერიკა აქცევს [საქართველოს] ყურადღებას, მეორე, რომ ამერიკას სურს, საქართველოს წარმატება და რუსეთის გავლენის დამთავრება, და მესამე, ისინი, ვინც ამომრჩევლებისადმი ანგარიშვალდებულნი არიან, უნდა იყვნენ მთავარი გადაწყვეტილების მიმღებნი ქვეყანაში“, – განმარტავს კრამერი.
224 ხმით 189 ხმის წინააღმდეგ – ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის საგარეო ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროეექტი დაამტკიცა. საქართველოსთვის დახმარების სახით – 132 025 000 აშშ დოლარია გამოყოფილი. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ერთი დათქმითა და წინაპირობით: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით დადასტურდება, რომ ქვეყნის მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.
დევიდ კრამერი ამბობს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ. თუმცა ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში გამოყენებული ფორმულირება ერთ-ერთი ყველაზე მიზანმიმართული და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულია, ამასთან, არაერთ განცხადებაში იყო გამოყოფილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლიც. შესაძლო პოლიტიკური დევნის, დემონსტრანტებისადმი ძალის გადამეტების თუ ბიძინა ივანიშვილის გავლენის შესახებ შეშფოთება, შემდეგ კი შეთანხმების შესრულებისკენ მოწოდებები ამერიკის დედაქალაქიდან ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ისმოდა. ამერიკელი კანონმდებლები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს იმას, თუ როგორ ვითარდებოდა ქვეყანაში პროცესები.
რატომ მიიჩნიეს კონგრესმენებმა საჭიროდ აქამდე საჯარო განცხადებებსა და წერილებში გამოთქმული შეშფოთების ან რეკომენდაციების ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირება? კრამერი ფიქრობს, რომ ამერიკელი კანონმდებლები ხედავდნენ, როგორ წარუმატებლად მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი, როგორ არ იყო მოწოდებები „გაგონილი“ და როგორ არ ხდებოდა შეთანხმების აღსრულება.
„მაგრამ ეს [კანონპროექტი] სცილდება კიდეც უბრალოდ საპარლამენტო არჩევნების თაობაზე შეთანხმებას და ასევე აფიქსირებს შეშფოთებას იმ როლისა და გავლენის შესახებ, რაც მოსკოვს აქვს საქართველოს საქმეებში. ქართველებმა ჩვენზე უკეთ იციან, თუ რა გავლენა აქვს რუსეთს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის გადაწევის და მცოცავი ოკუპაციის კუთხით. ასევე რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია. ვფიქრობ, კონგრესმენებს სურდათ ძალიან მკაფიოდ განეცხადებინათ, რუსული გავლენის მასშტაბის შესახებ შეშფოთება. ეს ტექსტი, ფორმულირება საკანონმდებლო პროცესის ბოლოს, კანონად ქცეულ დოკუმენტში შეიძლება არ შენარჩუნდეს, მაგრამ ამით უნდა გაიგზავნოს სიგნალი ყველასთვის საქართველოში, რომ ამერიკა მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება“, – ამბობს კრამერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
„პენ-ბაიდენის ცენტრის“ მმართველი დირექტორი და თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე რუსეთის, უკრაინის, ევრაზიისა და ბალკანეთის მიმართულებით, მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ ლოგიკურია, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები გამოკვეთილად იმ ქვეყნებზე გაიცეს, რომლებიც „სწორი მიმართულებით ვითარდებიან“.
„ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი შემაშფოთებელი ტენდენცია და კონგრესის წევრებმა ეს ნახეს, როგორც – ყველა სხვამ.
არ ვიტყოდი, რომ ეს ოპოზიციური პარტიების თუ ბიზნეს ინტერესების გამტარებელი ლობისტების საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, ჩვენ ვხედავთ კულისებიდან ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე. ვხედავთ ზოგიერთი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებიც სავარაუდოდ გარედანაა ნაკარნახევი და პოლიტიზებულად გამოიყურება. ასევე ვხედავთ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრ რეაგირებას სამოქალაქო პროტესტზე“, – მიიჩნევს კარპენტერი და დასძენს, რომ 15 %-ის შეკავება მართალია არსებულ შეშფოთებას უკავშირდება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ კანონმდებლები საქართველოს მიმართ პესიმისტურად არიან განწყობილნი:
„ვფიქრობ, მთლიანობაში, თუკი საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებს თუ სხვა კონგრსმენებს გამოკითხავთ, მათი უმეტესობა საქართველოს კვლავ დემოკრატიად მიიჩნევს. მათ აქვთ ოპტიმიზმის მიზეზი, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება. მე ვიმედოვნებ, რომ ქვეყანა წინ წავა ამ რთულ დროსაც კი რუსეთთან და მის აგრესიულ ქმედებებთნ დაკავშირებული გამოწვევების, ისევე როგორც კორონავირუსის პანდემიისა თუ ეკონომიკური რეცესიის პირობებში“
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არ შეიძლება ამ დათქმის გაჩენა ამერიკიდან საქართველოს მიმართ მტრულ დამოკიდებულებად ან მხარდაჭერის ნაკლებობად იყოს აღქმული:
„არ მინდა, რომ ქართველებმა ეს შეცდომით, ქვეყნის მიმართ მტრულ განწყობად ან მხარდაჭერის ნაკლებობად აღიქვან. ვფიქრობ, მხარდაჭერა საქართველოსთვის კონგრესში ძალიან ძლიერია“, – ამბობს დევიდ კრამერი. „მართალია, ამ სიტყვებმა დიდი ყურადღება გამოიწვია და ის იმ შეშფოთებას ასახავს, რომელიც მათ აქვთ, ვინც საქართველოს აკვირდება, მაგრამ ეს ქვეყნისადმი მხარდაჭერის ნაკლებობაში არ უნდა შეგვეშალოს. კონგრესში არის ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და ვნახოთ ის უფრო დემოკრატიულ, ბაზარზე ორიენტირებულ ქვეყანად, რომელიც ევრო-ატლანტიკურ სისტემაში უფრო მეტადაა ინტეგრირებული. ეს გულისხმობს ორივეს, ევროკავშირსა და ნატოსაც. ნატომ 10 წელზე მეტი ხნის წინ პირობა დადო, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ეს ალბათ არც ხვალ და არც მომავალი წლის შემოდგომაზე არ მოხდება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ წარმატებულ საქართველოს აქვს ამის შესაძლებლობა.“
მაიკლ კარპენტერიც ამბობს, რომ ამერიკისა და საქართველოს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება და ქვეყანა ამ ორმხრივი თანამშრომლობით წლების განმავლობაში მნიშვნელოვან დახმარებას იღებდა სწორედ იმიტომ, რომ იმედს აჩენდა და დემოკრატიის განვითარების კუთხით გამუდმებით წინ მიდიოდა“ „ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ ეს გრძელდება. თუკი ეს ასე მოხდება, ურთიერთობაც განაგრძობს აყვავებას. ვიმედოვნებ შევძლებთ პარტნიორობის გაღრმავებას, განსაკუთრებით კი ეკონომიკური კუთხით, სადაც კვლავ გრძელი გზა გვაქვს“, – ამბობს ის და იმედოვნებს, რომ სენატის მიერ დამტკიცებულ და შემდეგ უკვე კანონად ქცეულ დოკუმენტში ახლა არსებული ფორმულირება შენარჩუნდება. მისი თქმით, სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლების და ეკონომიკის გამჭვირვალობის კუთხით ქვეყანაზე დაკვირვება გაგრძელდება. „უნდა ვნახოთ, რომ ის საკითხები, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოება ან ოპოზიცია წუხს, არის აღქმული და მათ გამოსასწორებლად არის ძალისხმევა და რეფორმები“, – უთხრა “ამერიკის ხმას” კარპენტემა.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ პოლიტიკური მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე მანამდე იყო. კვლავ ღიად რჩება გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი, თუმცა მთლიანობაში, დარმუნებულნი არიან, რომ კონგრესი პოზიტიურ ცვლილებებსაც ასახავს. ისინი, ვინც ვაშინგტონიდან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს წლებია აკვირდებიან, ამბობენ, რომ ახლა უმთავრესი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაა, დემოკრატიულ გზაზე დარჩენა და იმის ჩვენებაა, რომ ქვეყნის მომავალი დასავლეთშია.
საქართველომ აშშ-ისგან 28 წლის განმავლობაში (1992 წლიდან 2020 წლის ჩათვლით) ფინანსური დახმარების სახით 4 348 400 000 $ მიიღო. “კონგრესის კვლევითი სამსახურის“ ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის,საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა.
წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტში, რომელიც 25 ივლისს მთლიანად პალატამ დაამტკიცა, მომავალი ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსებაზეა საუბარი.
მის თანახმად, საქართველოსთვის დახმარების ნაწილის – 15 %-ის გასაცემად საჭირო კრიტერიუმებს შორისაა: საარჩევნო რეფორმის ეფექტურად განხორციელება; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა; სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და მედიის უფლებებისა და დამოუკიდებლობის დაცვა; კორუფციასთან ბრძოლა; კერძო სექტორის საქმიანობაში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით კანონის უზენაესობის დაცვა და ქვეყანაში უცხოური ბიზნესის შევიწროების გამორიცხვა.
დოკუმენტი ასევე საუბრობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე. კრძალავს დახმარების გამოყოფას იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს ან მათთან დიპლომატიური კავშირები აქვს.
კანონპროექტის თავდაპირველად გამოქვეყნებულ ვერსიას რამდენიმე დღეში კიდევ ერთი პირობაც დაემატა: ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენის შეზღუდვა მთავრობის საქმიანობასა თუ საკანონმდებლო პროცესებზე. კანონად ქცევამდე, ჯერ ის სენატმა უნდა დაამტკიცოს და შემდეგ პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.
დახმარების 15 % -ის გაცემის დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირება და ამგვარი დათქმის გაჩენა, ქართულ ოპოზიციას ამერიკელ კანონმდებელთა სერიოზულ შეშფოთებაზე მიუთითებს. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები კი ამ პირობის გაჩენას ოპოზიციის ან ლობისტების საქმიანობის შედეგად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ კანონპროექტია და მსგავსი ფორმულირება შესაძლოა კანონის საბოლოო ტექსტში სულაც არ მოხვდეს. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, „თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის“, ამგვარი ჩანაწერი „კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს“. ყველაზე მთავარი კი ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით ისაა, რომ კანონპროექტში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელაა ხაზგასმული.
გასულ კვირასვე აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა შტატების 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს. აქტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯეიმს რიშს შესწორება ჰქონდა დარეგისტრირებული, რომელიც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე, 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას საქმეზე ამახვილებდა ყურადღებას. 23 ივლისს სენატმა აქტი ამ შესწორების გარეშე მიიღო. აქტზე მუშაობა გრძელდება. ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კი ამბობს, რომ ქვეყნისადმი გამოხატულ მნიშვნელოვან მხარდაჭერასთან ერთად, „აქტი მთლიანად უნდა წავიკითხოთ“ და სენატორ რიშის შეფასებებსაც სერიოზულად მოვეკიდოთ.