მიხელ სააკაშვილის უფლებადამცველთა ინფორმაციით, ამერიკელი ექსპერტი ერიკ დევიდ გოლდ სმიტი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზაში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა. გოლდ სმიტი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა. ის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ მივიდა.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, გოლდ სმიტთან ერთად დასკვნაზე იმუშავებენ სხვა საერთაშორისო ექსპერტებიც.
სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ამერიკელი ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მისვლას და სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი კადრების ნახვას გეგმავს. ამასთან, ადვოკატის თქმით, თვის ბოლოს ცენტრ „ემპათიასთან“ ერთად მომზადდება დასკვნა.
ადვოკატის განცხადებით, უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი? და ხელს უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა სასჯელის მოხდაში?
„ეს არის ორი კითხვა და მას აქვს დაახლოებით ასამდე ქვეკითხვა. ბუნებრივია, ექსპერტს აქვს ფსიქიატრიის სპეციფიკური ტესტები ბოლო ამერიკული გაიდლაინებით შედგენილი. საკმაოდ ვრცელი მასალა აქვს ჩამოტანილი. გარკვეული სამუშაო მან უკვე ჩაატარა. ქალბატონ გიული ალასანიასა და მისი ოჯახის წევრებს გაესაუბრა დისტანციურად, საათობით დაჰკითხავდა ამ ხალხს, რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მხოლოდ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს ამ ყველაფრის რეზიუმეს. ჯამში, ყველაფერს დასკვნაში ასახავს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ადვოკატებმა სასჯელი გადავადების შუამდგომლობაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში სამი თვეა მკურნალობს.