„ამერიკის პარტია“ - ილონ მასკი წერს, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

პუბლიკა

მილიარდელი ბიზნესმენი ილონ მასკი X-ზე წერს, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს.

მან 4 ივლისს X-ზე ონლაინგამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 1 248 856-მა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა და გამოკითხვის მიხედვით, უმრავლესობამ (65.4%) მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.

„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც!

როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ და არა – დემოკრატიაში.

დღეს „ამერიკული პარტია” ყალიბდება იმისთვის, რომ თქვენ თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი.


29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებდა. მიზეზი იყო კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს, საზღვრის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდას და სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას ითვალისწინებდა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც და ილონ მასკს შორის საჯარო დაპირისპირება საგადასახადო და საბიუჯეტო რეფორმების კანონპროექტის გამო 3 ივნისს დაიწყო. მასკმა კანონპროექტს „გულისახმრევი საშინელება” უწოდა.

დაპირისპირების ფონზე ილონ მასკის კომპანიის, Tesla-ს საბაზრო ღირებულება დაახლოებით 150 მილიარდით შემცირდა.

მოგვიანებით მასკი დაიმუქრა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიდა, თუმცა კანონპროექტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ მხარი 3 ივლისს დაუჭირა, 218 ხმით 214-ის წინააღმდეგ. მომდევნო დღეს კი ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა და ის ძალაში შევიდა.