ამერიკის საელჩო „ტვ პირველის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ამერიკის საელჩო საქართველოში „ტვ პირველთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყურადღებით აკვირდებიან ტელეკომპანია „პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას.

„ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განჩინების დოკუმენტში წერია, რომ „საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა, ვლადიმერ ვექილიანმა და მოითხოვა ნებართვის გაცემა, რათა:

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ, განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება, ამოღება, კერძოდ ამოღებულ იქნეს:

2021 წლის, 6 მარტს, „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული, კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 2021 წლის, 6 მარტს, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის” რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემული (გაგზავნილი) კონვერტი (ან სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.”