ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ - მედიაკოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50 -ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მოწმე მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჟურნალისტებზე ზემოქმედების ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება როგორც ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მცდელობა.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 09 მარტს საქართველოს პროკურატურამ კატეგორიულად განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ, ვფიქრობთ, რომ გამოძიების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, რომ მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ.

ჩვენ კვლავაც ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელსაც, სამწუხაროდ, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები და მაღალი თანამდებობის პირები ახალისებენ“, – აღნიშნულია მედიაკოალიციის განცხადებაში.


სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს და მიღებულ დოკუმენტსაც აქვეყნებს.

„განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურამ მოითხოვა არა ის აუდიოჩანაწერები, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი, არამედ რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს“, – ამბობს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ეთუნა ინწკირველი.

როგორც ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამბობს, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ მათი მიზანია, როგორმე პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე. „ჩვენი მოვალეობაა, ჟურნალისტების, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი“, – ამბობს ის.