ვინ არის მოსამართლე, რომელმაც პროკურატურას „TV პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა

პუბლიკა

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილს, რომელმაც პროკურატურას „TV პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა, მოსამართლეობის სულ 3-თვიანი გამოცდილება აქვს.

მანამდე იგი მთელი კარიერის განმავლობაში პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

ლაშა კლდიაშვილის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი წერს, რომ „იგი ნოემბერში ღამით დანიშნულ 36 მოსამართლეს შორისაა”.

„გახსოვთ, ალბათ, ნოემბერში რომ ავტეხე განგაში ღამით დანიშნულ 36 მოსამართლეზე, მათ შორის იყო ლაშა კლდიაშვილიც. მაშინ არ არსებობდა იმის აუცილებლობა, რომ იუსტიციის საბჭოს ამ რეჟიმში მიეღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. სულ რაღაც 3 თვეა, რაც ლაშა კლდიაშვილი მოსამართლეა – 2020 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგა სამოსამართლო საქმიანობას, იქამდე მოსამართლე არასოდეს ყოფილა”. – წერს ჯანეზაშვილი.

მოსამართლე კლდიაშვილი დაიბადა 1977 წლის 6 ივლისს. 1994 წელს დაამთავრა ქ.თბილისის 124-ე საშუალო სკოლა. 1999 წელს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2015-2017 წლებში გაიარა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი. 2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

  • 2000-2001 წლებში იყო სს „თბილელექტროაპარატის“ დაცვის სამსახურის უფროსი.
  • 2001-2004 წლებში იყო გამომძიებელი  თეთრიწყაროს რაიონის პროკურატურაში.
  • 2004-2005 წლებში იყო გამომძიებელი  ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურაში.
  • 2005-2007 წლებში იყო ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
  • 2007-2010 წლებში იყო შუახევის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
  • 2010-2016 წლებში იყო  ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
  • 2016 წლის თებერვლიდან აგვისტომდე იყო ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორი.
  • 2016-2017 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი.
  • 2017-2020 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე.
  • 2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს და მიღებულ დოკუმენტსაც აქვეყნებს.

„განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურამ მოითხოვა არა ის აუდიოჩანაწერები, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი, არამედ რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს“, – ამბობს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ეთუნა ინწკირველი.

როგორც ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამბობს, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ მათი მიზანია, როგორმე პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.

„ჩვენი მოვალეობაა, ჟურნალისტების, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი“, – ამბობს ის.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განჩინების დოკუმენტში წერია, რომ „საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა, ვლადიმერ ვექილიანმა და მოითხოვა ნებართვის გაცემა, რათა:

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ, განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება, ამოღება, კერძოდ ამოღებულ იქნეს:

2021 წლის, 6 მარტს, „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული, კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 2021 წლის, 6 მარტს, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის” რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემული (გაგზავნილი) კონვერტი (ან სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.”


საქართველოს პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით გამოძიება 9 მარტს დაიწყო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ  პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

„TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.