ამერიკის ვიზის დამზადების სანაცვლოდ თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ – შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ვ.მ. და 1985 წელს დაბადებული ს.ჩ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხვინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ამბობენ უწყებაში.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.