ამერიკული ბაზის შექმნა საქართველოსთვის არ შეგვითავაზებია - საელჩოს განცხადება

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ს არ შეუთავაზებია საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.

„აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში, “- წერია განცხადებაში.


„მთავარმა არხმა“ 12 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წელს თბილისში ვიზიტის დროს აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს  ჰქონდა შეთავაზება: „აშშ მზაობას გამოთქვამდა, გაეხსნა სრულფასოვანი სამხედრო ბაზა საქართველოში“. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

ამის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სადაც აღნიშნული იყო, რომ  გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.