ამიკოს, რომელიც კითხულობს საზიზღრობას ჩემს დედიკოზე და რეაგირებს, ვერ გავამტყუნებ - ბერა ივანიშვილი

პუბლიკა

„როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს რაღაც ლაკი ლუჩიანოდ და პაბლო ესკობარად. ის, რომელიც ჩვენი ოჯახის უახლოესი მეგობარია, არაერთხელ ყოფილა, რომ უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს, სადაც წერია რაღაც საზიზღრობა ჩემს დედიკოზე. ის ამაზე რეაგირებას აკეთებს, მე კი არ გავამტყუნებ,“ – განაცხადა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ბერა ივანიშვილის თქმით, ისიც იმავენაირად მოიქცეოდა და თავს ვერ შეიკავებდა.

„მეც იმავეს ვიზამ, ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე რომ ვნახო მსგავსი სიტყვები, მეც იგივენაირად ვიმოქმედებ და თავს ვერ შევიკავებ. როგორ შეიძლება აქ მე ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.


„ TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.