ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თბილისში, რესპუბლიკურ კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.

ვაქცინაციის შემდეგ მან კლინიკის მოსაცდელში, პროტოკოლის შესაბამისად, 15 წუთი გაატარა, შემდეგ კი მედიასთან განცხადებ გააკეთა.

„სიმბოლურია, როდესაც დღეს მე ვიცრები ახალი ვაქცინით, მესამე ვაქცინით, რომელიც ინერგება ქვეყანაში.

დღევანდელი რიცხვით, 45 ათასზე მეტი აცრაა გაკეთებული, 25 ათასზე მეტი „ასტრაზენეკით“, 13 ათასზე მეტი „ფაიზერით“. ფაიზერის მეორე დოზით აცრილია 6 ათასი ადამიანი, მათ აქვთ სრული აცრა.

„სინოფარმით“ 45 ქვეყანაში ცრიან. ის დამზადებულია ე.წ. ტრადიციული ტექნოლოგიით, რომელსაც თქვენ ყველა მიჩვეული ხართ, ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინაა, რომლის 200 მილიონი დოზა ადმინისტრირებულია ჩინეთსა და მთელ მსოფლიოში.

სიმბოლურია, რომ აცრა ჩავიტარე ჩემს ალმა მატერში, ამ საავადმყოფოში. მადლობა თითოეულ ექიმს. მათთან ერთად მე გავიზარდე, ჩამოვყალიბდი ექიმად, პედაგოგად, მეცნიერად. ეს სივრცე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქ გავატარე 25 წელიწადი, ერთ-ერთი კარგი პერიოდი, ჩემი ექიმობის.

აცრებისა და იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება. მთავარი გზა დამთავრებაზე გადის ჩვენს ქცევებზე, ნიღბები აუცილებელია და დაგვჭირდება კიდევ კარგა ხანს. თუ ავიცრებით 60% ორჯერ, გარეთა სივრცეში ამ ნიღაბს მოვიხსნით, ანუ, თუ ჩამოგვიყალიბდა კოლექტიური იმუნიტეტი, ამიტომ კიდევ მოვუწოდებ მოსახლეობას, აქტიურად ავიცრათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში 91 სამედიცინო დაწესებულებაში წარმოებს აცრები. მისივე თქმით, დღეს 2800-მდე ადამიანს აქვს ჯავშანი სამივე აცრაზე და დღიური კვოტა მაისი-ივნისში 5-6 ათასის ფარგლებში უნდა იყოს, რომ დეკემბრის ბოლომდე „ჯანმრთელი საქართველოს“ მიზანი შესრულდეს.

Sinopharm-ით ვაქცინაცია საქართველოში დღეიდან, 4 მაისიდან დაიწყო.

ქვეყანამ „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შეისყიდა.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეს შეუძლია ეწვიოს booking.moh.gov.ge ან დარეკოს ნომერზე 1522.

ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი ხელმისაწვდომია „სინოფარმის“ ვაქცინა.

„სინოფარმს“ ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია. მიიღებს თუ არა ვაქცინა ავტორიზაციას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკითხზე 29 აპრილს იმსჯელა და დასკვნა მიმდინარე კვირას გასაჯაროვდება.