დღეს ფილარმონიასთან მოძრაობა „ჰუმანურობისათვის“ წევრებმა აქცია გამართეს. ისინი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს აკრიტიკებენ და საყოველთაო ამნისტიას მოითხოვენ.
მოძრაობის წევრების თქმით, ისინი ითხოვენ ყველა პატიმრის სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებას.
საპატიმროებში შიმშილობს ასევე რამდენიმე პატიმარი. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ პენიტენციურ დაწესებულებაში დაიდასტურეს.
„მართალია, გაჟღერდა რამდენიმე პენიტენციური დაწესებულება, სადაც თითქოს პატიმრები ამნისტიასთან დაკავშირებით შიმშილობენ, მაგრამ მხოლოდ ორ დაწესებულებასთან დაკავშირებით შეგვიძლია დაგიდასტუროთ.
N3 (ბათუმის) დაწესებულებაში შიმშილობა გამოაცხადა სამმა მსჯავრდებულმა (სულ დაწესებულებაში 52 მსჯავრდებულია). ასევე N5 (ქალთა) დაწესებულებაში შიმშილობა გამოაცხადა ხუთმა პატიმარმა (სულ დაწესებულებაში 329 პატიმარია).
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა გაუგებარია ქალი პატიმრების მიერ შიმშილობის გამოცხადება ამნისტიასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა მოშიმშილეთაგან სამს ეხება ამნისტია (არსებული პროექტის შესაბამისად), “- ამბობენ პენიტენციურ სამსახურში.
„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პროექტის ავტორი და ინიციატორი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძეა.
ამნისტიის ინიცირებული რედაქცია სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს შეეხება, მათ შორის, სხვადასხვა ქონებრივ და ეკონომიკურ დანაშაულს, ნარკოტიკის პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ დანაშაულებსა და სხვა ქმედებებს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამნისტია შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ 800-მდე ადამიანს, რომელთაგან 680-მდე პირი ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი) იხდის სასჯელს. აგრეთვე, სავარაუდო ამნისტირებულ მსჯავრდებულთაგან 62 ქალია.