„ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაცია" - საია მთავრობის ინიციატივებზე

პუბლიკა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, წინანმდებარე ანგარიში მოიცავს 2020 წლის ივნისიდან აგვისტომდე გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ ქმედებებს, რომელიც თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ცუდი პრაქტიკაა და ამახინჯებს არჩევნებისწინა გარემოს.

შაულედურ ანგარიშში აღნიშნულია სახელმწიფოს მხრიდან Covid-პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის შედეგების შესარბილებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ – მათი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მმართველმა პარტიამ ანტიკრიზისული პაკეტები წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მანიპულირებისთვის გამოიყენოს, რისი ტესტიც ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა.

„მოცემულ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ტესტის ჩაბარება, მეტწილად, მმართველი პარტიის თავმჯდომარის როლზე მუდმივი აქცენტირების გამო“,- წერს საია.

საია მიიჩნევს, რომ ასეთი შინაარსის გზავნილებით ხელისუფლება ანტიკრიზისულ ნაბიჯებს პერსონიფიცირებულ ხასიათს. როცა ეს სახელმწიფოს მინიმალური ვალდებულებაა.

ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსების ზრდა

ანგარიშში საუბარია, მთავრობის 2020 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რის მიხედვითაც  2020 წლის 1 სექტემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტების ნუსხა გაფართოვდა და ონკოპაციენტისთვის გამოყოფილი დაფინანსების პაკეტი 8 000 ლარით გაიზარდა. 6 ეს პროგრამა 40 000-მდე ადამიანს შეეხო.

საია აღნიშნავს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები სახელმწიფომ წლის დასაწყისში ბიუჯეტისა და პროგრამების დაგეგმვის დროს უნდა მიიღოს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ასეთი ინიციატივა, მმართველი პარტიის კამპანიის მიზნებიდან გამომდინარე, ამომრჩევლით მანიპულირებისა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზანს ემსახურება.

თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქალაქეებისთვის დავალიანების ჩამოწერა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებით, მოქალაქეებს სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურებისთვის . დარიცხული დავალიანება ჩამოეწერებათ. ამ შეღავათით დაახლოებით ათასამდე მოქალაქე ისარგებლებს.

როგორც საია წერს, არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმა ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციაა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების სამსახურში არყოფნა მმართველი პარტიის არჩევნებისწინა შეხვედრის პარალელურად

2020 წლის 31 აგვისტოს, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის მაღალმთიანეთიდან, მიშა ბოლქვაძემ, Facebook-ის პირდაპირი ვიდეოჩართვით აჩვენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაცარიელებული შენობა და საჯარო მოხელეების გამოკეტილი კაბინეტები. კადრებში ჩანს, რომ შენობასთან პარალელურად მიმდინარეობდა „ქართული ოცნების“ შეხვედრა, სადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები აჭარის მაღალმთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენდნენ.

საია მოუწოდებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, შეისწავლოს საკუთარი თანამშრომლების სამსახურში არყოფნის მიზეზები, განსაკუთრებით კი, მათი მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენაზე დასწრების საკითხი და ბრალდების დაფიქსირების შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებები.

წაიკითხეთ ანგარიში სრულად