ამოქმედდება თუ არა სახლიდან გასვლაზე ნებართვების სისტემა - მთავრობის განმარტება

პუბლიკა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მობილურ ტელეფონებზე გააქტიურდა სწრაფი კოდი კომბინაციით – *144#.  სქრინზე, რომელიც ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, ჩანს, რომ  კოდის გამოყენების შემდეგ მომხმარებელმა სახლიდან გასვლის მიზეზი უნდა მიუთითოს.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ ეტაპზე ერთიან ცხელ ხაზზე ეს ფუნქცია ამოქმედებული არ არის და ეს კონკრეტული ფუნქცია საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სრული კარანტინის გამოცხადების შესახებ.

„თქვენთვის ცნობილია, უკვე ამოქმედებულია მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი – 144, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ამ ეტაპზე ცხელი ხაზი იღებს მხოლოდ სატელეფონო ზარებს. ამასთან, განიხილება შესაძლებლობა – მოქალაქეებმა 144-ის მეშვეობით, ინფორმაცია მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც.

ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის ეს კონკრეტული ფუნქცია საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სრული კარანტინის გამოცხადების შესახებ. ეს კი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ზედმიწევნით არ შეასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.