ან პრობლემა არ არის მნიშვნელოვანი, ან უკეთესი სამოქალაქო ორგანიზაციები გვჭირდება – გახარია TI-ისა და საიას ანგარიშებზე

პუბლიკა

„ძაან კარგად მახსოვს, ყველა არჩევნების წინ ერთი კვირით, ორი კვირით ადრე ერთი და იგივე… თუ ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვერიეთ წლების განმავლობაში, ან ეს პრობლემა არ არის ასეთი მნიშვნელოვანი და ვიღაცა იყენებს, უბრალოდ, წინასაარჩევნო კონტექსტში აურზაურისა და საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, ან მაშინ, ნუ, ცოტა უკეთესი სამოქალაქო ორგანიზაციები გვჭირდება ქვეყანაში“, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინასაარჩევნო შუალედური ანგარიშები.

შუალედურ ანგარიშებში საუბარია დარღვევევბზე, სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე; ასევე, საუბარია პარტიების შემოწირულობებზე და აღნიშნულია, რომ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანიები მრავალმილიონიან ტენდერებს იგებენ.

გიორგი გახარიას განცხადებით, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა, ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული და ამის პირობა მან დადო.

„რაც შეეხება, საია ბრძანეთ თუ „გამჭვირვალობა“, უბრალოდ დაინტერესდით ბოლო წლების განმავლობაში (5-6 წლის განმავლობაში) ერთი და იგივე. როგორც კი არჩევნები ტარდება, გამოვა ზოგიერთი ორგანიზაცია და იტყვის, რომ შემწირველი შემდეგ იგებს ტენდერებს…

მეგობრებო, თუ სადმე მსგავსი უხეში ან არაუხეში კანონდარღვევაა, შესაბამისი NGO-ები ან სამოქალაქო ორგანიზაციები არსებობენ იმისთვის, რომ ეს მათი პირველად ნათქვამი სიტყვა, მათი ვერსია ბოლომდე მიიყვანონ და ქვეყანაში ამისთვის არსებობს ყველაფერი.

მე რატომ ვამბობ ახლა ამას: ძაან კარგად მახსოვს, ყველა არჩევნების წინ ერთი კვირით, ორი კვირით ადრე ერთი და იგივე… თუ ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვერიეთ წლების განმავლობაში, ან ეს პრობლემა არ არის ასეთი მნიშვნელოვანი და ვიღაცა იყენებს უბრალოდ წინასაარჩევნო კონტექსტში აურზაურის და საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, ან მაშინ ნუ ცოტა უკეთესი სამოქალაქო ორგანიზაციები გვჭირდება ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.