სავარაუდო ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედების 8, ამომრჩევლის მოსყიდვის 2 შემთხვევა | საიას შუალედური ანგარიში

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მესამე შუალედური ანგარიში ფარავს 1-ლი ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ შემთხვევებს, რაც, საიას შეფასებით, ცუდი პრაქტიკაა.

საიას ცნობით, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

– სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;

– ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 1 შემთხვევა;

– ამომრჩევლის მოსყიდვის 2 შემთხვევა;

– ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედებების, როგორც სავარაუდო ისე დადასტურებული, 8 შემთხვევა;

– წინასაარჩევნო კამპანიის ხელისშეშლის 2 შემთხვევა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ისევე როგორც, ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება. ამას გარდა, საანგარიშო პერიოდში უმრავლესობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევაც დააფიქსირეს.

საია ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ ოქტომბერშიც ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა. ცხელი წერტილი, ამჯერად, შიდა და ქვემო ქართლი იყო. მათივე თქმით, ეს შემთხვევები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და აუცილებელია ამ საქმეების ყოველმხრივი, დროული, მიუკერძოებელი გამოძიება.

საანგარიშო პერიოდში, საიას სადამკვირვებლო მისიისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის ორი ფაქტი გახდა ცნობილი („ქართული ოცნება“ და „თავისუფალი საქართველო“).

გამოავლინეს სახელმწიფოს მხრიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის ფაქტები („სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“). საია შესაბამისი ორგანოების ქმედებას კანონის არასწორ ინტერპრეტაციად აფასებს.

საიას ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.