„ლელოს” წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს თავდებში უდგება.
19 და 23 წლის ახალგაზრდები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საბაბით დააკავეს და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული 400 ლარი უკვე გადახდილია, მოსამართლე ნათია გუდაძე მათი აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას გირაოთი არ ცვლის.
ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ მოქალაქეების წინააღმდეგ უპრეცედენტოდ უსამართლო საქმეს აწარმოებს.
„ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მაშინ, როცა ამ ადამიანების ბრალი არც კი დამტკიცებულა, უკვე მერამდენე თვეა, ისინი საპატიმრო დაწესებულებაში არიან.
დღეს, მე, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ვაცხადებ, რომ მზად ვარ, პირადი თავდები ვიყო იმისა, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანები არ მიემალებიან გამოძიებას, ითანამშრომლებენ სასამართლოსთან, მაგრამ ისინი ხელისუფლების მიერ საპატიმროში გამომწყვდეულები ნუ არიან. სასამართლო პროცესები უნდა გაგრძელდეს და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, მაგრამ მანამ, სანამ სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება ამ ადამიანებთან დაკავშირებით მათი ციხეში ყოფნა აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. მზად ვარ, ამ ადამიანების გათავისუფლებას პირადად თავდებში ჩავუდგე”. – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა 25 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“, რომელიც დაკავებულების ინტერესებს იცავს, საზოგადოებას შესთავაზა, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს პირადი თავდებობის გზით დაუდგეს გვერდით.