ანაკლიის კონსორციუმმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

პუბლიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე უნდა წარედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან.

„სამწუხაროდ, მრავალგზის გადავადების მიუხედვად, ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა და კონსორციუმმა ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, – აცხადებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზების თაობაზე.