„ანას ბაღის“ აქტივისტები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ სახელწოდებით „ადგილი მოუნაცვლე“. „ანას ბაღის“ აქტივისტმა გიორგი ფხალაძემ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ აქტივისტები ერთ საათს აძლევენ კახა კალაძეს მშენებლობის შესაჩერებლად. აქტივისტები მოუწოდებენ მერიას დაიწყოს მოლაპარაკებები კომპანიასთან ადგილმონაცვლეობაზე.
„სამი წელია ვითხოვდით ჯანსაღ გარემოში სიცოცხლის და ცხოვრების უფლებას. ამისთვის მშენებელობის შეჩერება იყო საჭირო. სამი წლის განმავლობაში ამ წადილს ვერ მივაღწიეთ, ის კი არა თბილისის მერსაც ვერ შევხვდით. ხალხის არჩეული მერი ანგარიშვალდებულია ხალხთან, სამი წლის განმავლობაში არ შეგვხვდა.
ეკრანების მიღმა დგას და დღეს განუცხადებია, რომ უსაქმურების აქცია არისო. ჩვენ თურმე ვართ უსამუქრები და უსაქმურობისგან მოვედით პანდემიის დროს თბილისის მერიასთან. ეს უსაქმური ადამიანები იქნებიან, რომლებიც გამოგათრევენ შენი კაბინეტიდან კახა კალაძე და პასუხს გაგებინებენ იმ უმსაგავსობის გამო რაც თბილისში მიმდინარეობს. გუშინ წინ ვიყავით დიღმის ჭალებში. ჭალები აღარ არსებობს, იქ დიდი კარიერები და სამშენებლო ნაგავსყარელია.
13 ივნისი მოდის და ვიცით რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბუნებასთან ასეთმა უდიერმა დამოკიდებულებამ. მე უსაქმური გიორგი ფხალაძე და ჩემი მეგობრები ერთ საათს ვაძლევთ, რომ დაურეკოს სამშენებლო კომპანიას, რომ შეაჩეროს სამშენებლო ნებართვა, თორემ მიიღებს უარესს პროტესტს 13 ივნისს უკვე. კახი კალაძე შენ ერთი ნებართვა გვაქვს რომ შეაჩერო მშენებლობა და დაიწყო ადგილმონაცვლეობა ანას ბაღში.“ – განაცხადა აქტივისტმა გიორგი ფხალაძემ.
რამდენიმე წელია ანა ბაღის შესანარჩუნებლად სამშენებლო კომპანიას ადგილობრივი მოსახლეობა უპირისპირდება. მოსახლეობა სკვერის მომიჯვნავედ 10 – სართულიანი კორპუსის აშენებას აპროტესტებს.
ანას ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წელს გასხვისდა ფიზიკურ პირზე. მიწის ფუნქციური ზონის პარამეტრები მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელობის საშუალებას არ იძლეოდა. 2017 წელს მესაკუთრემ ფუნქციური ზონის პარამეტრის გაზრდა მოითხოვა და მერიისგან საგამონაკლისო წესით მიღო 10 სართულზე მეტი შენობა – ნაგებობის აშენების შესაძლებლობა.
„ზონალური საბჭოს რეკომენდაცია და მერის ბრძანება კოეფიციენტის ზრდასთან დაკავშირებით სათანადო კვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე განხორციელდა, რითაც არსებითად დაირღვა საკანონმდებლო მოთხოვნები.“ – ვკითხულობთ EMC -ის სამართლებრივ დასკვნაში.
2017 წელს კომპანიის მიერ წარდგენილი არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა მერიის არქიტექტურის სამსახურთან. 2018 წელს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შემდეგ თბილისის მერიამ გააუქმა შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა პარკირების საკითხის ბუნდოვანებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების არ არსებობის გამო და საკითხი დაუბრუნა არქიტექტურის სამსახურს ხელახლა განსახილველად.
2018 წლის 25 ოქტომბერს არქიტექტურის სამსახურის მიერ კვლავ შეთანხმდა პროექტი და 11 ნოემბერს გაიცა ნებართვა მშენებლობაზე.
ამის შემდეგ მოსახლეობის პროტესტი განახლდა. 2019 წლის 10 იანვარს მოსახლეობამ ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა გააპროტესტა. პოლიციამ აქციაზე 10 პირიც დააკავა.
მშენებლობის ნებართვა გასაჩივრდა სასამართლოში. 2020 წლის თებერვალში საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა.
კომპანიამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის აპრილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მეორე ჯერზე კი საქალაქო სასამართლომ მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და შედეგად, დავის დასრულებამდე კომპანიამ მშენებლობის უფლება მიიღო.
მიმდინარე წლის 9 მაისს კომპანია „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგმა“ მშენებლობა განაახლა.