დღეს კახა კალაძემ „ანას ბაღის“ პროტესტთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. „ანას ბაღის“ აქტივისტები დღეს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ სახელწოდებით, „ადგილი მოუნაცვლე“.
„ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. ზუსტად ჩემი მერობის პირობებში ჩვენ ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობებისგან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, „ანას ბაღთან“ არანაირი შეხება არ აქვს. პირიქით, „ანას ბაღი“ კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო გაიზრდება მისი ფართი, სადაც ადამიანებს ექნებათ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება“, – განაცხადა კალაძემ. მერის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. კალაძეს ჟურნალისტებმა შეკითხვები ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებთან დაკავშირებული პრეზენტაციის შემდეგ დაუსვეს.
რამდენიმე წელია, „ანა ბაღის“ შესანარჩუნებლად სამშენებლო კომპანიას ადგილობრივი მოსახლეობა უპირისპირდება. მოსახლეობა სკვერის მომიჯვნავედ 10-სართულიანი კორპუსის აშენებას აპროტესტებს.
„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორია 2016 წელს გასხვისდა ფიზიკურ პირზე. მიწის ფუნქციური ზონის პარამეტრები მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელობის საშუალებას არ იძლეოდა. 2017 წელს მესაკუთრემ ფუნქციური ზონის პარამეტრის გაზრდა მოითხოვა და მერიისგან საგამონაკლისო წესით მიღო 10 სართულზე მეტი შენობა-ნაგებობის აშენების შესაძლებლობა.
„ზონალური საბჭოს რეკომენდაცია და მერის ბრძანება კოეფიციენტის ზრდასთან დაკავშირებით სათანადო კვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე განხორციელდა, რითაც არსებითად დაირღვა საკანონმდებლო მოთხოვნები“, – ვკითხულობთ EMC -ის სამართლებრივ დასკვნაში.
2017 წელს კომპანიის მიერ წარდგენილი არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა მერიის არქიტექტურის სამსახურთან. 2018 წელს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შემდეგ თბილისის მერიამ გააუქმა შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა პარკირების საკითხის ბუნდოვანებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების არარსებობის გამო და საკითხი დაუბრუნა არქიტექტურის სამსახურს ხელახლა განსახილველად.
2018 წლის 25 ოქტომბერს არქიტექტურის სამსახურის მიერ კვლავ შეთანხმდა პროექტი და 11 ნოემბერს გაიცა ნებართვა მშენებლობაზე.
ამის შემდეგ მოსახლეობის პროტესტი განახლდა. 2019 წლის 10 იანვარს მოსახლეობამ ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა გააპროტესტა. პოლიციამ აქციაზე 10 პირიც დააკავა.
მშენებლობის ნებართვა გასაჩივრდა სასამართლოში. 2020 წლის თებერვალში საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა.
კომპანიამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის აპრილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მეორე ჯერზე კი საქალაქო სასამართლომ მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და შედეგად, დავის დასრულებამდე კომპანიამ მშენებლობის უფლება მიიღო.
მიმდინარე წლის 9 მაისს კომპანია „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგმა“ მშენებლობა განაახლა.