TI: მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები – შეფასებას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.

TI-ის ცნობით, შეფასების ანგარიში ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: ინტერესთა კონფლიქტი, თანამდებობის პირების მიერ საჩუქრის მიღების პოლიტიკა, ქონებრივი და ინტერესთა მდგომარეობის დეკლარაციები, მათი მონიტორინგი და დაწესებული სანქციები. ასევე, სამართალდამცავ უწყებებში დანერგილი ანტიკორუფციული და კეთილსინდისიერების მექანიზმები და მათი პრაქტიკაში გამოყენება.

„GRECO-ს მონიტორინგის მე-5 რაუნდის მაკოორდინირებელი უწყება ანტიკორუფციული ბიუროა. GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დეოლიგარქიზაციის შემადგენელი კომპონენტიცაა.

სახეზე გვაქვს საშიში და საგანგაშო ტენდენცია, როცა საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე ან/და შეფასებების საჯაროდ გამოქვეყნებაზე. შარშან საქართველოს მთავრობამ 20 წლის მანძილზე პირველად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგზე უარი უთხრა. OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესში დაბრუნებისკენ ევროკომისია პირდაპირ მოგვიწოდებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭო პროცედურულად უშვებს შეფასების ანგარიშების საჯაროდ ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მას მხოლოდ ისეთი ქვეყნების მთავრობა იყენებს, სადაც კორუფცია განსაკუთრებული პრობლემაა.

TI მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს GRECO-ს შეფასების ანგარიში და ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, შეუერთდნენ OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესს.

„გამჭვირვალობის“ განცხადებას უპასუხა პრემიერმა კობახიძემ:

ეს ტყუილი გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას „ნაციონალური ბუნდოვანება“ ანუ სრულიად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია. NGO „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“ გამოაქვეყნა ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დავმალეთ GRECO-ს ანგარიში. სინამდვილეში უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა ევროსაბჭოსთვის, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება. ტექნიკური საქმეა დარჩენილი, თარგმნა, დღეების ამბავია, როცა კი ითარგმნება, გამოქვეყნდება. ასეთ ტყუილებს როცა ავრცელებს კონკრეტული NGO, გასაგებია, რა არის მათი მიზანი“, – განაცხადა მან.