პროკურატურამ როინ შავაძის საქმეზე სამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო

პუბლიკა

პროკურატურამ როინ შავაძის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის – შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, დადგინდა, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებითა და ხელშეწყობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და უკანონოდ დააკავეს.

უწყების განცხადებით, დაკავებისას, კუდ-ის თანამშრომლები როინ შავაძეს ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

ძალადობის შედეგად როინ შავაძემ სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

ბრალდების თანახმად, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლეს.

პროკურატურის განცხადებით, მოგვიანებით როინ შავაძის უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, კუდ-ის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებითა და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მითითებულია, თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლით (უკანონო დაკავებაში დახმარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 10 პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.