„ანას ბაღში“ სკვერის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობა დაიწყეს

პუბლიკა

„ანას ბაღში“ სკვერის მოწყობა განახლდა. ბაღის ტერიტორიის ნაწილი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ნაწილი კი კერძო კომპანიის. როგორც „პუბლიკის“ კორესპონდენტი ადგილიდან გვატყობინებს, აქციის მონაწილეებმა პოლიციასთან შეთანხმებით, სკვერის მოწყობა მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე გაახლეს. თუმცა მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები სკვერის გაშნებას ისევ აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სკვერი ნაწილობრივ გზას დაფარავს, რაც ხელს შეუძლის მათი მძიმე ტექნიკის მოძრაობას. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა. ადგილზე რჩება პოლიციაც.

„ანას ბაღთან“ პარტიზანი მებაღეებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია საღამოს 20 საათზე განახლდა. აქციის დაწყებამდე რამდენჯერმე იყო მცირე შეხლა-შემოხლა და კამათი ადგილობრივ მოსახლეობასა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შორის. პოლიციამ ერთი პირი ადგილს განარიდა. აქციამდე მოსახლეებმა კომპანიის დაწყებული შემოღობვის შემდეგ დატოვებული ბოძების მოხსნა სცადეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ადგილობრივის, ლევან ქართველიშვილის თქმით მათ კომპანიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ორი დღის წინ, ღამით, ვარკეთილში „ანას ბაღის“ მიმდებარედ „პარტიზანმა მებაღეებმა“, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, პარტიზანული სკვერი მოაწყვეს და ხეები დარგეს. მოწყობილი სკვერი კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს დილით აშალეს. ამის საპასუხოდ, „პარტიზანმა მებაღეებმა“, სამოქალაქო აქტივისტებმა და „ანას ბაღის“ მხარდამჭერებმა მერიის წინ აქცია გამართეს, მოგვიანებით კი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია დააანონსეს.

თბილისში, ვარკეთილში მოსახლეობა „ანას ბაღის“ დასაცავად 3 თვეზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავდა. ადგილობრივი მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

10 იანვარს მოსახლეობამ ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა გააპროტესტა. პოლიციამ აქციაზე 10 პირიც დააკავა.

თბილისის მერის თქმით, როდესაც „ანას ბაღის” საკითხზე კითხვები გაჩნდა, მშენებლობის ნებართვა შეჩერდა და შემოწმდა მისი კანონიერება, შედეგად დადგინდა, რომ ის სწორად იყო გაცემული. მისივე თქმით, ვარკეთილში დაგეგმილ მშენებლობაზე ადგილმონაცვლეობა ვერ მოხდება, რადგან მერიას ამის რესურსი არ აქვს.

12 იანვარს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მშენებლობა უშუალოდ „ანას ბაღს“ არ ეხება და მსგავსი განცხადებები მოსახლეობის მხრიდან არის სპეკულაცია.

„ანას ბაღის” დამცველი, აქტივისტი გიორგი  ფხალაძე განმარტავს, რომ ტერიტორია, რომელზეც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს დავა კომპანიასთან და მერიასთან, 40 წელზე მეტია გამოიყენება სხვადასხვა აქტივობისთვის, ის იყო უსაფრთხო ტერიტორია ბავშვებისთვის და იქ ისინი ველოსიპედებითა და გორგოლაჭებით გადაადგილდებოდნენ.

ფხალაძე ასევე აღნიშნავს, რომ ახლა მშენებლობა უშუალოდ სკვერის ტერიტორიაზე არაა დაგეგმილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლის შედეგად დათმო კომპანიამ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკვერის მომიჯნავედ კორპუსის მშენებლობა საფრთხეს არ შეუქმნის სკვერს.

„მშენებლობა მიმდინარეობს „ანას ბაღის“ მომიჯნავედ. დასაწყისში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოჭრას, ბევრი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ ეს ტერიტორია. სწორედ მაგიტომ ჰქვია მოძრაობას „ანას ბაღის გადასარჩენად“. ახლა რეალურად ვიბრძვით ეზოსთვის, იმ ძირითადი ეზოსთვის, რომლითაც ვსარგებობდით”, – აცხადებს ფხალაძე.