თბილისში, ვარკეთილში, „ანას ბაღისა“ და ეზოს დასაცავად გამართული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ფხალაძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ დღეს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარავი დაშალეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა ადგილობრივ მოსახლეობასთან. მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, აქტივისტებს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა და ახლა ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„გუშინ ჩვენ კარავი დავდგით. დავაანონსეთ ხელმოწერების შეგროვება. დღეს დილით გამოჩნდნენ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და ჩვენი საპროტესტო კარვის დაშლა, დემონტაჟი დაიწყეს.
ჩვენს მეზობელს, რომელიც ჩავიდა და კარვის დაცვა სცადა, დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახლა ჩვენი მეზობელი საავადმყოფოშია გადმოყვანილი და გამოკვლევები უტარდება “, – ამბობს გიორგი ფხალაძემ.
ფხალაძე აღნიშნავს, რომ კარავი სამშენებლო ტერიტორიის გარეთ იდგა და ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტის ბალანსზეც კი არ არის. ის კერძო საკუთრებაა. მისი თქმით, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს კარავში შესვლის უფლება არ ჰქონდათ.
აქტივისტი „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ პოლიცია იყო უმოქმედო და მათ მწვანე შუქი აუნთეს კომპანიის წარმომადგენლებს.
„პოლიცია ადგილზე მოვიდა, იყო სრულიად უმოქმედო. როცა შეხლა-შემოხლა დაიწყო, დატოვეს ტერიტორია ყევლამ. მწვანე შუქი აუნთეს იქ მყოფ დაცვის თანამშრომლებს და კომპანიის წარმომადგენლებს, რომ კვლავ ეძალადათ ჩვენზე, რაც მოხდა კიდეც, მეორე ეპიზოდიც იყო, როცა გვეჯაჯგურნენ და გაგვწიეს ძალით“, – თქვა გიორგი ფხაალაძემ.
„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ადგილობრივებმა და აქტივისტებმა „ანას ბაღისა“ და მიმდებარე ეზოს დასაცავად დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება.
„ხელმოწერებს ვაგროვებთ პეტიციისთვის, რომელიც უნდა შევიდეს საკრებულოში და საჭირო რაოდენობის ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში, საკრებულო ვალდებული იქნება, განიხილოს ჩვენი მოთხოვნა საკრებულოს სხდომაზე“, – ამბობს გიორგი ფხალაძე.
ფხალაძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აპირებს, დარბეული კარავი კვლავ გაშალოს.
თბილისში, ვარკეთილში მოსახლეობა „ანას ბაღის“ დასაცავად ორ თვეზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავს. ადგილობრივი მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.