რა ვიცით მოკლული ანასტასია შატალოვას შესახებ

პუბლიკა

17 ოქტომბერს, ღამით, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე ანასტასია შატალოვა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სამართალდამცველებს ჯერ არავინ არ დაუკავებიათ. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გამომძიებლები გუშინ ბათუმში ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლში იმყოფებოდნენ.

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს.

მოგვიანებით თავად ზურაბ ბერიძემ განაცხადა, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს და  აღნიშნულის გამო, თავადაც ძალიან სწუხს და სჯერა, რომ მალე დააკავებენ დამნაშავეს.

ვინ არის ზურაბ ბერიძე და

რა კავშირი ჰქონდა ანასტასია შატალოვასთან

ანასტასია შატალოვა მედიაში ერთი წლის წინ გამოჩნდა, 2020 წლის 23 სექტემბრით დათარიღებულ გადაცემაში შატალოვა ჰყვებოდა, რომ ზურაბ ბერიძე 2018 წელს გაიცნო თბილისში. მოგვიანებით შვილიც შეეძინათ, თუმცა მალევე ურთიერთობა დაეძაბათ.

კონფლიქტის მიზეზებზე ანასტასია შატალოვა დეტალურად საუბრობდა „ნანუკას შოუში“. 

მისი თქმით, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი მის დისკრედიტაციას ცდილობდა და სწორედ ამიტომ ბეჭდის მოპარვა დააბრალა. კორონავირუსის პანდემიისას კი, კომენდატის საათის დროს ჩვილთან ერთად სახლიდან გააგდო. ის ამბობდა, რომ ბერიძე მუდმივად ავიწროებდა და ძალადობდა მასზე.

შატალოვას თქმით, ერთ დღეს მან მოტყუებით წაიყვანა ბავშვი და აღარ უბრუნებდა. ბერიძემ მიმართა პოლიციას და გამოაწერინა შემაკავებელი ორდერი დედაზე, რომელსაც მხოლოდ მესამე პირის მონაწილეობით შეეძლო შვილის ნახვა. ამის შემდეგ შატალოვამ შვილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

მაშინ სასამართლოში ანასტასია შატალოვას ინტერესებს ლალი ბიბილაშვილი იცავდა.

ადვოკატმა გუშინ მედიასთან შატალოვასთან ბოლო კომუნიკაცია გაიხსენა. მისი თქმით, ანასტასია შატალოვა ბოლოს 2021 წლის ივნისში დაუკავშირდა და უთხრა, რომ ზურა ბერიძეს შეურიგდა. ის ამბობს, რომ ანასტასია ბედნიერი იყო და უხაროდა, რომ ბავშვს მამა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ.

ბავშვთან დაკავშირებულ დავაზე შეკითხვის პასუხად კი განაცხადა, რომ 2020 წელს ზურა ბერიძემ ანასტასია შატალოვას შვილი თავისი ნებით დაუბრუნა და ასე დასრულდა ბავშვისთვის მასსა და ანასტასიას შორის დაწყებული სამართლებრივი დავა.

„ბოლო კომუნიკაცია მქონდა ამ წლის ივნისში, მახარა, რომ შერიგდნენ და ერთად ცხოვრობდნენ, ის და ზურა ბერიძე. ბათუმში ცხოვრობდნენ. ბინა ჰქონდათ თბილისშიც ნაქირავები. რაც შეეხება საქმეს, მოვიგეთ ეს საქმე. ბატონი ზურას დამსახურებითაც. რომ იცოდა, ვაგრძელებდით სასარჩელო მოთხოვნებს და ა.შ. პრესა ჩავრიეთ, დამიკავშირდა და მთხოვა, რომ ხვალ ჩამოგიყვანთ ბავშვს, ოღონდ თქვენ არ წამოხვიდეთო. მართლაც, შეასრულა დანაპირები, გადმომცა ბავშვი ხელიდან ხელში და ასე დასრულდა სამართლებრივი საქმე. შიგადაშიგ მირეკავდა ხოლმე. ძალიან თბილი გოგო იყო. ძალიან ბედნიერი იყო, რომ ბავშვს მამა ჰყავდა“, – ამბობს ლალი ბიბილაშვილი.

რა მოხდა ზაფხულში ?

ანასტასია შატალოვას და ზურაბ ბერიძის შერიგებაზე საუბრობს მეორე ადვოკატიც, პაატა შავაძე. ის ამბობს, რომ ლალი ბიბილაშვილთან ერთად ანასტასიას ინტერესებს ცოტა ხანი იცავდა სასამართლოში, შემდეგ კი ანასტასიამ ბიბილაშვილი დაითხოვა და შავაძე განაგრძობდა მისი ინტერესების დაცვას.

პაატა შავაძის თქმით, ბერიძე და ანასტასია შატალოვა ერთი პერიოდი მართლაც შერიგდნენ, თუმცა ზაფხულში [თვეს ვერ აკონკრეტებს შავაძე. ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ივლისში ან აგვისტოს შუა რიცხვებში]  ნატალიამ დაურეკა და უთხრა, რომ ბერიძემ მასზე და მის შვილზე იძალადა  როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად, რის გამოც პოლიცია გამოიძახა და გამოძიებას მისცა ჩვენება.

პაატა შავაძის თქმით, მომხდარზე დაიწყო გამოძიება. პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და მოსამართლემ ბრალდებულის დაკავების განკარგულება გასცა, თუმცა მალევე იმავე მოსამართლემ დავით ბერიძეს 50-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

„თავიდან პროკურატურა ამბობდა, რომ იყო მიმალვაში. დაკავების განკარგულება გამოსცა მოსამართლემ. მას ასევე აეკრძალა ქალსა და ბავშვთან მიახლოვება. მალევე იმავე მოსამართლემ პატიმრობაზე გადაწყვეტილება უფრო მსუბუქი აღკვეთით შეცვალა და ბრალდებულს 50-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ანასტასია მეუბნება, ხომ ხედავ, პაატა, როგორი დაუცველი ვარ. ჩემი საჩივარი არაფრად მიიღეს, 50-ათასლარიანი გირაო ბერიძისთვის არაფერიაო. ის ძალიან წუხდა მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გამო.“ – ამბობს პულიკასთან პაატა შავაძე.

მისივე თქმით, ამ საქმეზე სასამართლო პროცესი აღარ გამართულა. ბერიძე ბრალდებულია შვილსა და ანასტასია შატალოვაზე ძალადობისთვის, თუმცა საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოს აღარ გაუგრძელებია.  შავაძე ამბობს, რომ მას, როგორც დაზარალებულის ადვოკატს, გადასცეს საქმის მასალები, თუმცა რატომ არ გააგრძელა სასამართლომ საქმეზე მსჯელობა, მისთვის უცნობია.

 „შემაკავებელი ორდერის ვადის გახანგრძლივებაში დახმარება მთხოვა“

პაატა შავაძის თქმით, ზაფხულში ძალადობის შემდეგ ბერიძეს ასევე გამოუწერეს ორდერი და აეკრძალა მიახლოება ანასტასიასა და შვილთან, თუმცა ამ ორდერს გასდიოდა ვადა და ანასტასიამ ადვოკატს სთხოვა დახმარება, რათა მაქსიმალურად გახანგრძლივებულიყო ორდერის ვადა. სწორედ შემაკავებელი ორდერის გაცემის მოთხოვნის გამო უნდა გამართულიყო სასამართლო სხდომა 18 ოქტომბერს, თუმცა ის გადაიდო.

„მოკლულის მამა ჩამოვიდა და შვილიშვილის წაყვანა უნდა“

პაატა შავაძის თქმით, დღეს საქართველოში ჩამოფრინდა მოკლული ანასტასია შატალოვას მამა, რომელსაც, სავარაუდოდ, შვილიშვილზე მეურვეობის მიღება და მისი საქართველოდან წაყვანა სურს.

ადვოკატის თქმით, ზურაბ ბერიძესთან ბავშვის გადაყვანა პრობლემა იქნება, რადგან ის ბრალდებულია როგორც ანასტასია შატალოვასა და შვილის მიმართ ძალადობაში, ასევე, დღეის მდგომარეობით.