„შეკითხვებს უსვამდნენ ანასტასია შატალოვას საქმის ირგვლივ“ – დაკავებულების ადვოკატები

პუბლიკა

ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი – მედიის ინფორმაციით, ისინი გამოძიებამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის ირგვლივ დააკავა. მოკლული ქალის საქმესთან მათი კავშირი ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება. ამ კავშირზე მას შემდეგ საუბრობენ, რაც მედიაში დაკავებულების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს გამომძიებლები შატალოვას შესახებ უსვამდნენ შეკითხვებს. პროკურატურას მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებია. „პუბლიკასთან” არც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რასთან დაკავშირებით დააკავეს ისინი.

დაკავებულების ოჯახის წევრები დაკავებისას პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ. „პუბლიკა“ ესაუბრა ბექა ლატარიას ადვოკატს, გიორგი ლაღიძეს. მისი თქმით, ლატარიას სახლში შეუვარდა 40-მდე სამართალდამცველი და დაკავების მომენტში ბექა ლატარიასა და მის მეუღლეს, მათივე გადმოცემით, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

რაც შეეხება მის მიმართ ბრალს, ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადმოცემით აცხადებს, რომ, როგორც განუმარტეს, ის ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული, თუმცაღა შეკითხვებს შატალოვას საქმის ირგვლივ უსმენდნენ.

„მას ოფიციალურად ედავებიან 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას. ეს არის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, თუმცა, რეალურად, ბექა ლატარიას შეკითხვებს უსვამდნენ ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით, ძირითადი შეკითხვები იყო ამ საქმის ირგვლივ.

მისივე თქმით, ის გადაყვანილი ჰყავდათ შს სამინისტროს შენობაში, გულუას ქუჩაზე. იქ არსებულ მე-7 საპყრობილეში, სარდაფში, მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავდნენ – აჩვენებდნენ მოკლული ქალის ვიდეოებს, ფოტოებს და ეუბნებოდნენ, რომ როგორ უნდა ეცხოვრა ამ სინდისით და ა.შ. შეკითხვებს უსვამდნენ, რომ თითქოსდა მან მოკლა შატალოვა. მას სთხოვდნენ აღიარებას, ძალიან ცუდი მეთოდებით, რაც არღვევს ადამიანის უფლებებებს”, – ამბობს ადვოკატი.

როგორც ლაღიძე ამბობს, ლატარიას არანაირი შეხება ანასტასია შატალოვასთან არ ჰქონია, შესაბამისად, ეს დანაშაული არ ჩაუდენია.

„უცნაურია, რა შუაშია ამ საქმეში ნარკოტიკის შეძენა-შენახვა, სხვა საქმის ირგვლივ არის ადამიანი დაკავებული და სხვა საქმეზე უსვამენ შეკითხვებს. ამ ეტაპზე მე მხოლოდ  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან ვიცი, რომ ის დააკავეს ნარკოტიკული დაშაულისთვის”, – ამბობს ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, ლატარიას ჩაუტარდა დნმ-ექსპერტიზა. როგორც ის ამბობს, ბრალის წარდგენის შემდეგ საქმის მასალები გადაეცემათ და დეტალურ ინფორმაციას შემდეგ გაეცნობიან.

ლაღიძის ინფორმაციით, ბექა ლატარია და ბიძინა ხასია მეგობრები არიან. ლევან რაჯავი არის მესამე დაკავებული, რომელიც ხასიასთან ერთად დააკავეს სახლში, „მათ სავარაუდოდ ედავებიან პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას და დანაშულის შეუტყობინებლობას. რა დანაშაულისთვის, ეს არ ვიცით”.

ბიძინა ხასიას ადვოკატის სოსო კორკელიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც შეკითხვებს შატალოვას საქმის ირგვლივ უსვამდნენ.

„სთხოვდნენ, რომ მას კამერებში უნდა ამოეცნო მისთვის უცნობი პირი – მკვლელი, თუმცა მას არანაირი შეხება არ ჰქონია ამ მკვლელობასთან და ვერც ვერავის ამოიცნობდა”, – ამბობს ის.


ანასტასია შატილოვა თბილისში, 17 ოქტომბერს გვიან ღამით მოკლეს. თვითმხილველებზე დაყრდნობით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უცნობია, დაკავებულია თუ არა ვინმე საქმეზე.