ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება დღეს მშრომელი თუ არამშრომელი ქალის ბრძოლის ველია - დამოუკიდებელი პროფკავშირი

პუბლიკა

ყველა სექტორში ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მოთხოვნით დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების ორგანიზებით აქცია გაიმართა. 

„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კერძო სექტორს არ აქვს ვალდებულება აანაზღაუროს დეკრეტული შვებულების გამო გაცდენილი სამუშაო დღეები. ამის სანაცვლოდ სახელმწიფო, კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმებულს სთავაზობს ერთჯერად „დახმარებას“ – 1000 ლარამდე. რაც მიახლოვებულიც კი არ არის დედისა და შვილის ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებასთანაც კი”, – ვკითხულობთ აქციის ანონსის ტექსტში.

აქციის ორგანიზატორთა თქმით,  ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება დღეს არის ყველა მშრომელი თუ არამშრომელი ქალის ბრძოლის ველი.

„ვინაიდან ჩვენ გვიწევს არჩევანი გავაკეთოთ მშობლობასა და სამსახურს შორის, რაც არ არის არჩევანი! უამრავი ქალი მშობლობის გამო, საერთოდ ვერ ახერხებს დასაქმებას. შესაბამისად ჩვენ პროფესიული კავშირების ქალი ლიდერები გამოვდივართ 8 მარტს, მშრომელი ქალების საერთაშორისო დღეს, ამ საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად.

ღონისძიების ორგანიზატორები ადამიანებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

„ჩაერთეთ ონლაინ კამპანიაში. დაწერეთ სტატუსი, რატომ არის მნიშვნელოვანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება. მიუთითეთ ჰეშთეგი #ბრძოლადედობისთვის.”