ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლების შემსრულებელი ორი მსახიობის – ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის მგზავრობას ლოს-ანჯელესში ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს.
„საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მიესალმება ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” (შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია) წარდგენას ამერიკული კინოაკადემიის საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ერთვება ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაში.
ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს მთავარი როლების შემსრულებელი ორი მსახიობის – ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის – მგზავრობას ლოს-ანჯელესში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მსახიობების მონაწილეობა კამპანიაში უაღრესად წაადგება ფილმს, მით უმეტეს, რომ ლევან გელბახიანმა უკვე არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელმა“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
დღეს ფილმის პროდიუსერმა სამინისტროს უარის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
პროდიუსერის თქმით, მთელი ამ მსოფლიო კამპანიის ფარგლებში ერთადერთი, რაც სამინისტროს სთხოვეს, ლოს-ანჯელესში დაგეგმილ მნიშვნელოვან ჩვენებაზე 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირების შეძენა იყო.