„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – მეორე უარი ფილმს დაფინანსებაზე კულტურის სამინისტროსგან

პუბლიკა

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროდიუსერი ქეთი დანელია ამბობს, რომ კულტურის სამინისტრომ ფილმის დაფინანსებაზე კვლავ უარი თქვა.

პროდიუსერის თქმით,  მთელი ამ მსოფლიო კამპანიის ფარგლებში ერთადერთი, რაც სამინისტროს სთხოვეს, ლოს-ანჯელესში დაგეგმილ მნიშვნელოვან ჩვენებაზე  4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირების შეძენა იყო.

როგორც ქეთი დანელია ამბობს, სამინისტროს არგუმენტია, რომ ფილმი ქართული პროექტი არ არის და ის შვედეთმა წარადგინა.

„ახლა ფილმისთვის ყველაზე გადამწყვეტი ეტაპია წინასაოსკარე კამპანია, რომელშიც უამრავი შრომა, ენერგია და ფინანსები ჩაიდო. სხვადასხვა ქვეყანაში იმართება სპეციალური ჩვენებები კინოაკადემიის წევრებისთვის. ბევრი ჩვენება უკვე მოეწყო მსოფლიოს მასშტაბით და კიდევ ბევრია დაგეგმილი. ამ ყველაფერზე არავის ვაწუხებთ. მგონი, 50 ფესტივალზე ვიყავით და არც ერთხელ სამგზავრო გრანტი ან სხვა აქტივობის დაფინანსება არ მოგვითხოვია“, – წერს ქეთი დანელია.

პროდიუსერი ამბობს, რომ ახლა კინოცენტრი ცდილობს თანხის გამოძებნას და მათ პასუხს ელოდებიან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამინისტრომ ამ ფილმის დაფინანსებაზე უარი თქვა. მაისში კანის კინოფესტივალზე, სადაც ფილმის პრემიერა შედგა,  კულტურის სამინისტრომ გადამღებ ჯგუფს გასამგზავრებელი  თანხა არ მისცა. ამის შესახებ ქეთი დანელია „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა.

„სანამ უარს მეტყოდნენ, წინა დღეს, ფილმის ტრეილერი რომ დაიდო, დამირეკეს სამინისტროდან და გამომკითხეს ფილმის თემატიკა, ქართულ ანსამბლში ნამდვილად ჩოხებში ცეკვავდნენ გეიბიჭები თუ არა. უბრალო ინტერესად მივიჩნიე. მეორე, დღეს კი მითხრეს, რომ იმ 2500 ლარსაც ვეღარ მაძლევენ. ნახევარი ჯგუფი ჩაიხსნა, ვისაც უნდა წარედგინა ფილმი პრემიერაზე, რადგან საქართველოდან გასამგზავრებელი თანხა ვერ ვიშოვეთ. რომ არა ჩემი პარტნიორებისა და ჩემი პირადი თანხა მცირე ჯგუფითაც ვერ წავიდოდით ფესტივალზე“, – ამბობდა პროდუსერი ინტერვიუში.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორ ლევან აკინის ფილმია. ფილმი ქართული ხალხური ანსამბლის ორი მოცეკვავის ისტორიასა და სიყვარულზე მოგვითხრობს. პრემიერა კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაში 16 მაისს გაიმართა.