ანდრია ჯაღმაიძე ხატზე: გამორიცხულია, საპატრიარქოს კონკრეტული ადამიანის დასჯა მოეთხოვა

პუბლიკა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტული ადამიანის დასჯას ვერ მოითხოვდნენ, რადგან მსგავსი ტიპის კომენტარს ქვეყნის პატრიარქი ვერ გააკეთებს.

“მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც სამართლიანი პროტესტი ჰქონდა ამ ვანდალიზმის მიმართ, გაჩნდა ნაკლოვანების გრძნობა, რომ განცხადებაში თითქოს უნდა ყოფილიყო, მოთხოვნა კონკრეტული რომელიმე პირის დასჯისა, რაც სრულიად გამორიცხულია, რადგანაც პატრიარქის სახელით ასეთი განცხადება ვერ გაკეთდებოდა”. – თქვა მან ტვ იმედის ეთერში.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს გვერდზე განთავსებული განცხადებების ტექსტი უშუალოდ პატრიარქ ილია II-სთან თანმდება.

“განცხადებები, რომლებიც ვრცელდება საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ეს არის ყოველთვის პატრიარქთან უშუალოდ შეთანხმებული ტექსტი”. – თქვა ჯაღმაიძემ.

პატრიარქის პრესსპიკერმა ასევე დაგმო „ვანდალიზმი” და ის “ნეობოლშევიზმის” გამოვლინებად მოიხსენია. მისი თქმით, ქვეყანაში რელიგიური პოლარიზაციის საჭიროა, ამოქმედდეს კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ.


9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომ სამებაში რუსი წმინდანის, მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი სტალინიც არის გამოსახული, საღებავი აქვს შესხმული.

ინფორმაცია, რომ ასეთი ხატი ქვეყნის უდიდეს ტაძარშია, 6 იანვარს გავრცელდა.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა „მთავარ არხთან“ თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.

მალევე გაირკვა, რომ ხატი სამების ტაძარს პრორუსულმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა” შესწირა.  ​

10 იანვარს პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ ინფოს” წევრები და მხარდამჭერები ნატა ფერაძის სახლისკენ დაიძრნენ. ფერაძის სახლს პოლიცია იცავდა. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები აქციაზე ამბობდნენ, რომ „პოლიციას მიაწვებიან, მიიღონ გადაწყვეტილება, გადაიყვანონ ნატა ფერაძე „კაპეზეზე“.

11 იანვარს საპატრიარქომ ხატის შემწირველებს – „პატრიოტთა ალიანსს” მიმართა, შეიტანონ ცვლილებები ხატში, კანონიკის შესაბამისად, ან ამას თავად გააკეთებენ. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხატის შეცვლის გადაწყვეტილება პატრიარქთანაა შეთანხმებული.

პასუხად ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მისთვის სრულად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია, მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, „კანონიკის შესაბამისად შეიცვალოს”. თუმცა, მისივე თქმით, „დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო და მეორე -ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩნენ”.

„ალტ ინფოს” წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა კი საპატრიარქოს პოზიციას „სამარცხვინო” უწოდეს და ანდრია ჯაღმაიძეს „ფეისბუქზე” შეურაცხმყოფელი კომენტარებიც დაუწერეს.