„ანგარიში აჩვენებს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არ აქვს“ | პარტიები

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიებში ამბობენ, რომ პოლიტიზებული მართლმსაჯულების, პოლიტიკური პატიმრებისა და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არ აქვს.

ამის შესახებ განცხადება გაავრცელა პარტია „ლელომ“. ასევე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს პარტიების „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ ლიდერებმა.

გუშინ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის ვერსიას მხარი კომპრომისული შესწორებებით დაუჭირა.

„სისულელეა ,,ქართული ოცნების” განაცხადი, რომ ევროპარლამენტის ანგარიშს არ აქვს ზეგავლენა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ევროპარლამენტში წარმოდგენილი პარტიები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებას წარმოადგენენ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიცია, რომელიც იკვეთება ევროპარლამენტში, ვერ გადაიხედება“, – ამბობენ პარტია „ლელოში“.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ ანგარიშით ძალიან ცხადია  და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.

„პირიქით, ამ 4-5 თვის განმავობაში „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა რიგი ნაბიჯებისა, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის 12 პუნქტის სულისკვეთებასთან. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს, საქართელოს მოქალაქეების იმ ნაწილს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი კონსოლიდაცია მაქსიმალურად და ეს ეხება არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს, არამედ საზოგადოების ნებისმიერ წევრს. მიზანი უნდა იყოს კონსოლიდაცია და ამ ხელისუფლების გაშვება, რაც შეიძლება სწრაფად“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის ვერსიას მხარი კომპრომისული შესწორებებით დაუჭირა. კომიტეტის სხდომას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც დაესწრო. ანგარიშს 55 დეპუტატიდან მხარი 47-მა დაუჭირა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile