ანგარიში ნინოწმინდის პანსიონზე: გამოძიება ხშირად გულგრილად უდგება ბავშვების მიმართ ჩადენილ დანაშაულს

პუბლიკა

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში მოიცავს, როგორც 2021 წლის გაზაფხულზე განვითარებული მოვლენების შემდეგ პანსიონში არსებული ვითარების მონიტორინგის შედეგებს, ისე რეინტეგრაციაში მყოფი და ზრუნვის სხვა ფორმაში განთავსებული ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე მონაცემებს.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებების ეფექტიანობის შესწავლის შედეგები.

საქმეთა შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების წინადადებით მიმართა.

წინადადებით სახალხო დამცველმა მოითხოვა:

  • საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება;
  •  საქმეთა კვალიფიკაციის შეცვლა;
  • საგამოძიებო სტრუქტურული ერთეულისა და ზედამხედველი პროკურორის შეცვლა;
  • საქმიდან მოქმედი სოციალური მუშაკის ჩამოშორება;
  • ასევე, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, რელევანტური ექსპერტიზების ჩატარება, ტელეფონისა თუ შესაბამისი კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, პანსიონის ხელმძღვანელი პირების (საერო და სასულიერო) გამოკითხვა, სამედიცინო და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მოპოვება, კონკრეტულ შემთხვევებში დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება და სხვა.

„საქმის მასალებმა აჩვენა, რომ გამოძიებებს აქვს არსებითი ხარვეზები ეფექტიანობის მიმართულებით, გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები ხშირ შემთხვევაში გულგრილად უდგებიან არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, წლების მანძილზე აჭიანურებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, არ ახდენენ გამოძიების სწორ კვალიფიკაციას, არ მოქმედებენ მსხვერპლი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოქმედებენ სტერეოტიპულად, არ ანიჭებენ მსხვერპლებს დაზარალებულის სტატუსს, არ ცდილობენ შეკრან დანაშაულებრივი სქემის ერთიანი სურათი და სრულფასოვნად გამოავლინონ ძალადობრივი დასჯის პრაქტიკა ნინოწმინდის პანსიონში, “- ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატს მიაჩნია, რომ ეფექტიანი გამოძიება შექმნიდა საფუძველს დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ, მათი პასიური თუ აქტიური როლის გათვალისწინებით.

„გარდა სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებების შეფასებისა, ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენები კვლავ რჩება აპარატის განსაკუთრებული ყურადღების ფარგლებში. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები უკვე ექვსი თვეა მუშაობენ აღსაზრდელების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებისა და აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ზრუნვის ალტერნატიულ სერვისში გადაყვანის საკითხებზე, “- ამბობს ომბუდსმენი.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის გაზაფხულის შემდგომ, დაწესებულებიდან ბიოლოგიურ ოჯახში სულ 12 არასრულწლოვანია გადაყვანილი, ზრუნვის სხვა ფორმაში კი, 22 აღსაზრდელი განთავსდა.

ნინოწმინდის პანსიონიდან ზრუნვის სხვა ფორმაში გადაყვანილი არასრულწლოვნებიდან 15 გადაყვანილია მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ხოლო 7 – მინდობით აღმზრდელ ოჯახთან.

„აღნიშნულ პერიოდში ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის ნინოწმინდის პანსიონში დაბრუნების 2 შემთხევა დაფიქსირდა, რაც ბიოლოგიური ოჯახების მზაობისა და მათი სათანადოდ გაძლიერების გამოწვევებს უკავშირდება.

2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით, დაწესებულებაში კვლავ ირიცხება 17 აღსაზრდელი, რომელთაგან 15 ფაქტობრივად პანსიონში ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები განაგრძობენ დაწესებულებაში 24-საათიან მორიგეობას და არასრულწლოვნების საჭიროებების შეფასებას.

დადებითად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობით, ამჟამად პანსიონის აღმზრდელებს არ ეძლევათ საგაკვეთილო პროცესის დროს სკოლის შენობაში ყოფნის შესაძლებლობა, ხოლო თავად ბავშვებს აქვთ დაწესებულების ტერიტორიის დატოვებისა და სოციალიზაციის საშუალება. ასევე, აღსანიშნავია, რომ უფროსკლასელები დამოუკიდებლად დადიან სკოლაში, “- აღნიშნულია სპეციალურ ანგარიშში.

თუმცა, ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, ნინოწმინდის პანსიონში კვლავ არაერთი ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მათ შორის, ბავშვებთან მომუშავე უწყებებსა და დაწესებულებებს შორის კომუნიკაციის, აღმზრდელების პროფესიული გადამზადების, დოკუმენტაციის მოწესრიგების, ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების მოკვლევისა და უზრუნველყოფის კუთხით. ამ დრომდე, პანსიონს არ აქვს განახლებული შინაგანაწესი, დაწესებულებაში არ ინახება ყველა ბავშვის განახლებული ინდივიდუალური განვითარების გეგმა. ხოლო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების გეგმაში გაწერილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მათ აღმზრდელებს.

„შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ დაწესებულებაში ამჟამადაც ირიცხება ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მართალია, სახალხო დამცველის რწმუნებულებს და საზოგადოებას აცნობეს, რომ პანსიონიდან ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იყო გაყვანილი, თუმცა, იმ პერიოდში დაწესებულებაში კვლავ ირიცხებოდა ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი ზრუნვის სხვა ფორმაში მხოლოდ 2021 წლის 24 სექტემბერს გადაიყვანეს, ხოლო მეორე კვლავ პანსიონში ცხოვრობს.

აღნიშნულს კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ დაწესებულებაში მცხოვრები არაერთი არასრულწლოვნის დოკუმენტაციაში პირდაპირ არის აღნიშნული ფსიქოლოგის, ხოლო ერთ შემთხვევაში, ფსიქიატრის ჩართულობის საჭიროება, რაც სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგი თავად პანსიონის ხელმძღვანელობამ მოიძია, რომელიც ერთი თვის მანძილზე, მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა დაწესებულებაში.

გამოიკვეთა ასევე, აღსაზრდელებთან მომუშავე სოციალურ მუშაკებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციის გამოწვევები, რაც ართულებს ბავშვთან მიმართებით დაგეგმილი ღონისძიებების დროულად განხორციელებას და უარყოფითად აისახება არასრულწლოვანთა ინტერესებზე. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა აღსაზრდელმა რამდენიმე თვის წინ სოციალურ მუშაკთან საუბარში გამოხატა სურვილი, რომ გამოიკითხოს პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ, ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს არ მიუმართავს სამართალდამცავი უწყებისთვის და არც იმის შესახებ ფლობდა ინფორმაციას, მიმართა თუ არა სხვა სოციალურმა მუშაკმა, “- წერია ანგარიშში.

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ მრავალთვიანი მუდმივი და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე მონიტორინგი მათ შესაძლებლობას აძლევს, შეაფასონ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომაროების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების დინამიკა.

როგრც აპარატში ამბობენ, ცალსახაა, რომ საკითხის სიმწვავის და სოციალური მუშაკების 6 თვის მანძილზე 24-საათიანი მუშაობის მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ შეძლო პანსიონის ყველა აღსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და არსებითად მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფა. ვერ მოხერხდა დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებიდან ყველა ბავშვის ზრუნვის ალტერნატიულ, ოჯახთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ ფორმაში გადაყვანა.

ეს კი, მათი შეფასებით, არღვევს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებებს, არ შეესაბამება მათ ინტერესებს და წარმოადგენს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბავშვების დაცვისა და მათზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის კუთხით არაეფექტური პოლიტიკის მაგალითს.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ აპარატი აქტიურად გააგრძელებს როგორც მიმდინარე გამოძიებების, ისე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მონიტორინგს.