შსს აცხადებს, რომ დაკავებულთა შორის გამოიკვეთა პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ ბრიფინგი გამართა.

უწყების განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

კითხვაზე, 17 დაკავებულიდან, თუ გამოიკვეთა პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში, შს მინისტრის მოადგილე პასუხობს: რა თქმა უნდა, კი.

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე „ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა”.

შსს აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და ჯერჯერობით, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი. მათი თქმით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე.

შსს აცხადებს, რომ 2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.

„ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში”, – წერს შსს.