ჯერჯერობით უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი - შსს

პუბლიკა

ჯერჯერობითი უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით, გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო, მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში.

ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება”, – განაცხადა მან.


დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი და შესაძლოა, დაკავებულ პირთა გაიზარდოს.