„ანიტა ანიტაა, რასაც უნდა, იმას იტყვის“ | წულუკიანი მომღერლის განცხადებაზე

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რადიო „იმედის“ ეთერში, საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ – „ანიტა ანიტაა, რასაც უნდა, იმას იტყვის: მაგრამ მან არ იცის, რომ მე არა კულტურის მინისტრი, არამედ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი ვარ, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ რატომღაც მომღერალს ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს.

„ანიტა რაჭველიშვილმა და ლაშა ბუღაძემ უნდა ილაპარაკონ ის, რასაც ფიქრობენ. მათი განცხადებები ჩემს ერთ კონკრეტულ ეთერს არ მოჰყოლია. ეს პროცესი იქამდე დაიწყო. ხანდახან ყველას გვიჭირს საქმისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან განსხვავება.

ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც გააკეთა მწვავე განცხადება. მისი მაგალითი რომ ავიღოთ, ის არის უზარმაზარი მასშტაბის ხელოვანია, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, ისაა ხელმოცარული. მან თავი ჩემს კოლეგად შემომთავაზა. თავის რეალურ და ნამდვილ პროფესიაში ის ნამდვილად შეუდარებელია.

ასევეა ქალბატონი ანიტაც. ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“. იმის მერე, „სასჯელს ვიხდი“. ეს ხუმრობით.

ასევე, საკანში ჰყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამInstagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც „ციხეში ჩასვა“. ქალბატონ ანიტას, რატომღაც, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს, ან – უყვარს, მაგრამ ჩვენ არ ვუყვარვართ. ეს არც დასაძრახია, არც – შემაშფოთებელი. ეს ნორმალური პროცესია. ეს ჩემთვის პრობლემა არაა“, – ამბობს თეა წულუკიანი.

მისი თქმით, ხელოვანები ილაპარაკებენ იმას, რაც სურთ, მაგრამ საზოგადოება თავად გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა – არა.

მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა 23 მარტს Facebook-ზე დაწერა, რომ ის საქართველოში აღარ დადგება სცენაზე, სანამ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება.