ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს - ანიტა რაჭველიშვილი

პუბლიკა

„ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას წულუკიანი მართავს“, – ამის შესახებ საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

„გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას რომ მისი აზრის საწინააარმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე…“, – წერს ის.

თეა წულუკიანმა 19 მარტს შალვა რამიშვილთან PosTv -ის ეთერში იუსტიციის მინისტრობის პერიოდსა და კულტურის სამინისტროში მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შალვა რამიშვილმა წულუკიანს კითხვა დაუსვა იმ ადამიანებზე, რომლებიც კულტურის სფეროში საქმიანობენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპატიას გამოხატავენ. მისი თქმით,  თუ, მაგალითად, თეატრში მსახიობი თავის აზრს გამოთქვამს, ის შეეცდება, გაიგოს, საიდან მოდის მისი განსხვავებული აზრი.

„რაც შეეხება ამ სისტემას ეს სისტემა განსხვავებულია [იუსტიციის სამინისტროსგან] იმ გაგებით, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას“, – განცხადა წულუკიანმა.