ანტიკორუფციულმა ბიურომ TI-სა და „აირჩიე ევროპას" საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების სტატუსი მოუხსნა

პუბლიკა

ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” (TI) და „აირჩიე ევროპას” განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების სტატუსი მოუხსნა. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.

კუპრაშვილის თქმით, მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება კანონიერია, თუმცა ახლა გადაწყვეტილებას „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” იღებს.

„სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირველი აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვა გამჭვირვალობაზე და ამის ნაცვლად აირჩია კანონის უზენაესობის პრინციპზე თავდასხმა. ამ ორგანიზაციას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, არ სურს, საზოგადოებას გაუმხილოს, რა მიზნით იხარჯება ათობით მილიონი ლარი მაშინ, როცა თავად კანონზე მაღლა ცდილობენ დადგომას. […]

საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის უმთავრეს წინაპირობას. არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები.

აღნიშნულიდან გამომდინარე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვიყენოთ დისკრეცია და გავაუქმოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ეს ორგანიზაციები დავავალდებულეთ, გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის. ანტიკორუფციული ბიურო გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის სადარაჯოზე დგომას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

რაჟდენ კუპრაშვილს ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, რომ გადაწყვეტილება „აირჩიე ევროპასაც” შეეხებოდა, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ „ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას”.

„ჩვენ, მანამდე აღნიშნული გადაწყვეტილება „დემოკრატიის ფესტივალის“ მიმართ გამოვიყენეთ, ასევე გამოვიყენეთ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიმართ, რომლებმაც მოგვიანებით, პოლიტიკური პარტია შექმნეს. შესაბამისად, ამ კანონის დათქმა არის შემდეგი – თუკი პოლიტიკური პარტია იარსებებს, ამ შემთხვევაში, ეს სტატუსი იხსნება.

ფესტივალს რაც შეეხება, მათი წევრები შეუერთდნენ პარტია „ლელოს” და დანარჩენი წევრები, რომლებიც არ შეუერთდნენ, მოგვმართეს განცხადებით, მათ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და ეს სტატუსები მოეხსნათ.

რაც შეეხება „აირჩიე ევროპას”, „აირჩიე ევროპის“ 2 წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას და დღეს ისინი გვევლინებიან, როგორც პოლიტიკოსები. დანარჩენმა წევრებმა აღასრულეს გადაწყვეტილება, მათ ანტიკორუფციულ ბიუროში კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები წარმოადგინეს, თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას“, – განაცხადა კუპრაშვილმა.


ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების შეცვლას წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება. კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.

კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „TI საქართველოს” განცხადებული აქვს საარჩევნო მიზანი და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, „უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული”, ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს „სახელმწიფო ინტერესებისა და საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან არიდების მიზნით”.

ირაკლი კობახიძემ ბიუროს ასევე მოუწოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.

2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.

შესაბამისად, ორ ორგანიზაციასა და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.

30 სექტემბერს კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განაცხადეს, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან და ხმების დასაცავად ინდივიდუალურ მუშაობას გააგრძელებენ.