ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ივანიშვილზე აქცენტირება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებს ემსახურება - საია

პუბლიკა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდეგანს ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებას ვალდებულია კრიზისისგან მიყენებული დარტყმების შესარბილებლად საზოგადოებისთვის სოციალური დაცვის მექანიზმები შეიმუშავოს, „თუმცა ასეთ დროს ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ წინასაარჩევნოდ, მმართველმა პარტიამ ანტიკრიზისული პაკეტები, როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ისე გამოიყენოს“

საია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან თავის დასაზღვევად შემდეგ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას:

  •  საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს მკაფიო ხაზი გაავლოს სახელმწიფოს მხარდაჭერასა და პარტიულ ინიციატივებს შორის. ცხადი უნდა იყოს, რომ სოციალური პროგრამების შემუშავება სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა მმართველი პარტიის კეთილი ნება;
  • უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მის მიერ, წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯები გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და არა ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამიზნული მანიპულაციები.

„სამწუხაროდ, მოცემულ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ტესტის ჩაბარება, მეტწილად ბიძინა ივანიშვილის როლზე მუდმივი აქცენტირების გამო. ამის მაგალითია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ასეთი მასშტაბური სოციალური მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა „StopCov ფონდში“, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით. იქამდე მან ეს უშუალოდაც განაცხადა. ფაქტობრივად იგივე პოზიცია ქონდა ფინანსთა მინისტრს, როდესაც თქვა, რომ ფინანსურად ამ მასშტაბურ კამპანიას ზურგს ფონდის მთავარი შემომწირველი (იგულისხმება მმართველი პარტიის თავმჯდომარე) უმაგრებს“, – აცხადებს საია

საია მიიჩნევს, რომ ასეთი შინაარსის გზავნილებით ხელისუფლება ანტიკრიზისულ ნაბიჯებს პერსონიფიცირებულ ხასიათს აძლევს და ხელს უწყობს სოციალური მხარდაჭერის კონკრეტულ პარტიის კეთილ ნებასთან აფილირებას, მაშინ როცა ეს სახელმწიფოს მინიმალური ვალდებულებაა. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრობლემა არა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება და იმპლემენტაციაა, არამედ ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სტრატეგიაა. „ამის გათვალისწინებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმება და ამომრჩევლის მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს“.

LB loan image desktop LB loan image mobile