ანტისაოკუპაციო სტიკერების „თეთრ ხიდზე“ გაკვრის გამო ქუთაისის მერიამ აქტივისტებს 1000-ლარიანი ჯარიმის ოქმები გაუგზავნა

პუბლიკა

„ოკუპანტებო წადით სახლში“, „მტრებს არ ვიღებთ“ – ამ შინაარსის სტიკერების „თეთრ ხიდზე“ გაკვრის გამო ქუთაისის მუნიციპალურმა ინსპექციამ არასამთავრობო ორგანიზაციის – „ევროპა ჩვენი სახლია“ – წევრებს 1000-1000-ლარიანი ჯარიმის ოქმები გაუგზავნა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 8 აგვისტოს არის შედგენილი და მტკიცებულებად დართული აქვს ფოტოები, რომლებიც თავად ორგანიზაციამ გაავრცელა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თორნიკე ბარათაშვილმა და გია გოქაძემ მიიღეს.

„რომ ყოფილიყო შინაარსი „ვიბარებ თმებს“ ან „ვაქირავებ ბინას“, ცხადია, ჩვენ არავინ შეგვეხებოდა, რადგან ქალაქი სავსეა მსგავსი შინაარსის რეკლამებით, თუმცა რა თქმა უნდა შინაარსს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს არის იმ დამკვიდრებული პოლიტიკის აგრესიული გამოვლინება, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ. ჩვენ ველოდებით სასამაართლოზე ადმინისტრაციულ ორგანოს იმისთვის, რომ დაამტკიცოს იმ ცინიკურობის მიზეზი, რომ 7 აგვისტოს, ომიდან მე-14 წლის თავზე თურმე არ გვქონია ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის უფლება“, – ამბობს ორგანიზაციის წევრი თორნიკე ბარათაშვილი.