სააგენტო Associated Press-მა ტრამპის ადმინისტრაციის სამი წარმომადგენლის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მიზეზი ტრამპის ღონისძიებებზე სააგენტოს რეპორტიორების დაბლოკვა გახდა.
საჩივარში მოხსენიებულია თეთრი სახლის სტაფის ხელმძღვანელი სუზი უილსი, პრესმდივანი კაროლინ ლევიტი და შტაბის უფროსის მოადგილე ტეილორ ბუდოვიჩი.
CNN-ის ინფორმაციით, ეს აკრძალვა არღვევს კონსტიტუციის პირველ შესწორებას და მეხუთე შესწორების პუნქტს. სააგენტო მოითხოვს საგანგებო მოსმენას და სასამართლო ბრძანებას, რომ დაწესებული აკრძალვა არაკონსტიტუციურია და უნდა გაუქმდეს. საქმეს მოსამართლე ტრევორ მაკფადენი განიხილავს, რომელიც ტრამპის დანიშნულია. ტრამპის ადმინისტრაციას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაგამოცემა Associated Press თეთრმა სახლმა იმის გამო გამოარჩია, რომ აგრძელებდა „მექსიკის ყურის“ გამოყენებას, იმის მიუხედავად, რომ ტრამპმა მას „ამერიკის ყურე“ უწოდა.
„Associated Press უბრალოდ უარს ამბობს, კანონს მიჰყვეს, მას „ამერიკის ყურე“ ეწოდება ახლა“ – განაცხადა ტრამპმა კვირის დასაწყისში პრესკონფერენციაზე, რომელზე დასწრების უფლება Associated Press-ს არ მიეცა.
Associated Press-ის ადვოკატების ოფიციალური განცხადებით, „თეთრმა სახლმა ჟურნალისტებს უბრძანა „გამოიყენონ კონკრეტული სიტყვები, თუ არა და ისინი წვდომაზე განუსაზღვრელ უარს მიიღებენ“. ადვოკატების პოზიციით, შეერთებულ შტატებში პრესას და ყველა ადამიანს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი სიტყვები. კონსტიტუცია ხელისუფლებას არ აძლევს სიტყვის კონტროლის უფლებას. მათი შეფასებით, ხელისუფლების ასეთი კონტროლი და შურისძიება ყველა ამერიკელის თავისუფლებას საფრთხის წინაშე აყენებს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ AP-ს სასამართლოში შეხვდებიან.
„ჩვენ ვგრძნობთ, რომ მართალი ვართ ამ პოზიციაში და როგორც ვთქვი ჩემს პირველ ბრიფინგზე, ვაპირებთ, უზრუნველვყოთ, სიმართლე და სიზუსტე იყოს თეთრ სახლში ყოველ დღე“, – განაცხადა მან.