„აქ ლოცვა არ გაჩერდება“ – ბუკნარში მუფთი ჩავიდა

პუბლიკა

დღეს სოფელ ბუკნარში ქობულეთისა და ჩოხატაურის მუფთი ჩავიდა. ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ქობულეთისა და ჩოხატაურის მუფთი ასლან ბერიძე აცხადებს, რომ ლოცვა არ გაჩერდება.

„არ არის კარგი საქმე მართალია, მაგრამ თუ ჩვენი ხალხი სადმე მიდის, იმას მისი ადათ-წესები მიაქვს. ჯგუფური ლოცვისათვის გამოსაყენებლად აუცილებელია ერთი ადგილი, ხო? ეს ჩვენი ხალხი არ ითხოვს ისეთ აშენებას, მაგალითად, ფუნდამენტურად, რომ ჩვენ კანონების ფარგლებში დავეხმაროთ სამუფთო სამმართველომ… აქ ლოცვა არ გაჩერდება, ლოცვა იყოს, ვინმეს რამეს არ უშლის“,- განაცხადა „ფორმულას“ ეთერში ასლან ბერიძემ.


ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც ​სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.

12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; 2 მათგანი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით, საქართველოში მუსლიმი თემის პრობლემებზე საუბრობენ და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. ასევე, მათი აზრით, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, როგორ იქნას დაცული მუსლიმი თემის რელიგიური თავისუფლება, მეორე მხრივ ადგილობრივებს შორის მშვიდობის შენარჩუნება.