მარიამ მელიქიშვილი, რომელსაც 27 მარტს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ტროტუარზე დგომის გამო, სოციალურ ქსელში დაკავების შემდეგ იზოლატორში შესახლებამდე განვლილ გზას აღწერს:
„სასამართლოს დარბაზიდან დროებითი მოთავსების საკანში ჩამიყვანეს მანდატურებმა. ყველა დეტალის შემჩნევა და დამახსოვრება მინდოდა, რკინის ნაცრისფერი გისოსების, კარებების და პირქუში კედლების. საკნების წინ მსხდომი თანამშრომლების გამომეტყველების. როცა თვალს ვუსწორებდი მინდოდა ამომეკითხა გაკვირვება მათ სახეზე – „ამ გოგოს აქ რა უნდა” ფიქრი მზერაში.
ნივთების აღწერას და ოქმის გაჭირვებით შედგენას რომ მორჩნენ, ორი პოლიციელი ჩამოვიდა ჩემს წასაყვანად, ლანა სულამანიძე კევს ღეჭავდა გამალებით, დიდად არ აინტერესებდა ვის მოაკითხა, ოქმზე ხელი მოაწერა და ჩემი გეგმა, რომ მათთან კარგი ნაცნობობა შემენარჩუნებინა რამდენიმე წუთში ნაწილებად ჩამოშალა.
პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. არხეინად შევყევი, მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა. ჩავეძიე, კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო. ავიჭერი, თუმცა უცებ როგორც შევძელი თავი ხელში ავიყვანე და მტკიცედ ვუთხარი უარი. ეს პროცესი რამდენიმე წუთი გაიწელა. (სავარაუდოდ) ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე.
ვიდგეთ მაშინ აქ ვერ წაგიყვან ისეო, ვიდგეთ-მეთქი. არასდროს, ცხოვრებაში არასდროს მახსოვს ჩემი თავი ასეთი მტკიცე. ლანამ ისიც მითხრა აქ თუ არ გაიხდი გურჯაანში კაცები დაგხვდებიან და იმათთან მოგიწევს გაშიშვლებაო. საბოლოოდ ჩემი გავიტანე და მე და ლანამ ალეწილი სახეებით დავტოვეთ შენობა“, – წერს ის.
აღსანიშნავია, რომ იზოლატორში შესახლების დროს სრულად გაშიშვლების შესახებ არაერთი დაკავებული საუბრობს.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) განმარტებით, სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ „სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა“. [29 მარი, 2025].
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიხედვით, „პოლიციის მხრიდან იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის დამკვიდრება აქტივისტების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას ემსახურება“. მათივე თქმით, დაკავებულის სრულად გაშიშვლება ეწინააღმდეგება შს მინისტრის ბრძანებას, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის შესახლების პროცედურას არეგულირებს. [29 მარტი, 2025].
ჩხრეკის უკანონო და დამამცირებელ პრაქტიკად არის შეფასებული Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხეულის სრული გაშიშვლების იძულება. სრულად გაშიშვლების თაობაზე არაერთი დარღვევა აქვს დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც, მითუმეტეს გაშიშვლებას თან ახლავს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ქცევა, ასეთი ქცევა არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს, რომლითაც აკრძალულია წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა.
უფლებადამცველების პოზიციის საპირისპიროდ, შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ეს დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ პენიტენციური დაწესებულება, როცა ხდება ადამიანის შესახლება, სავალდებულოა [გაშიშვლება]“. [24 ნოემბერი, 2025].
„პუბლიკის“ მასალები ამ თემაზე:
SJC: დაკავებულის გაშიშვლება სახელმწიფო რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად იქცა
პირადი შემოწმების დროს სხეულის სრული გაშიშვლება დაუშვებელია – NGO-ები
SJC: საგანგაშოა, პოლიციის მხრიდან დაკავებულების იძულებითი გაშიშვლების განმეორებადი პრაქტიკა
SJC: დაკავებულის პირადი დათვალიერებისას მისი სრულად გაშიშვლებას ეწინააღმდეგება შს მინისტრის ბრძანება
ომბუდსმენი: დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება
საია: სინდისის პატიმრების საქმეების მონიტორინგში 10 პირის მიმართ არასათანადო მოპყრობა იკვეთება
NGO-ები: დემონსტრანტებზე მოძალადეები დაუსჯელები არიან, ეს წამების პრაქტიკის წახალისებაა
ადვოკატი: ლუკა კინწურაშვილი დაკავების შემდეგ ორჯერ გააშიშვლეს
ელენე ხოშტარია: განყოფილებაში ყბაზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება, იზოლატორში სრულად გამაშიშვლეს
ნენსი ვოლანდი: ქალმა პოლიციელებმა მითხრეს, რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო