აქცია კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულთა შრომის პირობებზე

პუბლიკა

„შემოქმედებითი პროფესიების მქონე ადამიანთა უმრავლესობას შრომა უწევს საკმაოდ მძიმე პირობებში, დასაქმებულებს არ აქვთ წვდომა შრომის კოდექსში გაწერილ უფლებებზე, ამასთანავე, აქვთ დაბალი ანაზღაურება და ხშირად ხდებიან დისკრიმინაციისა და შევიწროვების მსხვერპლნი”, – მშრომელთა და სტუდენტთა გაერთიანება „გილდია” კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულთა ძირითადი შრომითი უფლებების საკითხთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.

„გილდიამ” ხელოვანთა უფლებების დაცვის მოთხოვნით დღეს აქციაც გამართა და  შრომითი პირობების კვლევის პრეზენტაცია მოაწყო.

მშრომელთა და სტუდენტთა გაერთიანება „გილდია“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შრომის კოდექსში ჩაწერილი პუნქტები აღასრულოს და გაავრცელოს ყველა პროფესიაზე.

მეთოდოლოგია: მსახიობთა, ჟურნალისტთა და სხვა თავისუფალი პროფესიების მქონე ადამიანთა შრომითი და სოციალური პირობების კვლევაში, ჯამში გამოიკითხა 210 რესპონდენტი. კვლევა ძირითადად წარიმართა ონლაინრეჟიმში, Google Form-ის საშუალებით. კვლევის ავტორები აღნიშანვენ, რომ კვლევის შედეგები იძლევა იმის საშუალებას, რომ მივიღოთ ზოგადი სურათი ამ სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

შედეგები:

ანაზღაურება: რესპონდენტთა 59% აღნიშნავს, რომ აქვს სტაბილური შემოსავალი, ხოლო  77% აღნიშნავს, რომ ხარჯების დასაფარად უწევთ ერთზე მეტ სამუშაო ადგილას, ერთდროულად, მუშაობა.

უშუალოდ შემოსავალს რაც შეეხება, რესპონდენტთა 16% იღებს 100–300 ლარამდე ანაზღაურებას, 23%  301– 500  ლარამდე, 15%-ის ანაზღაურება 501–700 ლარს შეადგენს, 8%–ის 701–900 ლარამდე, ხოლო 900 ლარიდან ზემოთ იღებს რესპონდენტთა 23%.

ასევე გამოკითხულთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მუშაობენ არასტაბილური ანაზღაურებით (10%), ხოლო მათი 5% არის სტაჟიორი ან მოხალისე.

სამუშაო გრაფიკი: რესპონდენტთა 49% სამუშაოზე 6 დღეს ატარებს, 32% 7 დღეს , ხოლო 5 დღეს სამუშაოზე რესპონდენტთა მხოლოდ 6% ატარებს. ამავდროულად, არასტაბილურ პროექტებზე მუშაობა უწევს რესპონდენტთა ნაწილს (13%).

რესპონდენტთა 42%–ს უწევს დღეში 10–12 საათი მუშაობა, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს მათი არასტაბილური გრაფიკიდან, რადგან რესპონდენტთა ნაწილს უწევს პროექტულად მუშაობა, დროის გარკვეულ მონაკვეთში უწევთ სრული დატვირთვა, თუმცა შეიძლება იყოს ისეთი პერიოდი, როდესაც დასაქმებულს საერთოდ არ აქვს საქმე. შესაბამისად, რთულია ზუსტი გრაფიკის დადგენა. რესპონდენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მუშაობენ 8 საათი (24%) და 6 საათს–7%. გამოკითხულთა შორის იყვნენ ერთეულები, რომლებიც მუშაობდნენ სპექტაკლების შესაბამისად, 12 საათზე მეტსაც დღეში, პროექტიდან გამომდინარე და ა.შ.

მოცემულ სექტორში, დასაქმებულთა 50% თავიანთ სფეროში არსებულ ძირითად პრობლემად დაბალ ანაზღაურებას ასახელებს, 29% ზეგანაკვეთურ შრომასა და სამუშაო დროის არასტაბილურ განაწილებას, ამავდროულად, დასაქმებულები მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ არასტაბილურ ანაზღაურებას.