აქციაზე ფერადი კვამლის გაშვების გამო შესაძლოა, სტუდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს

პუბლიკა

საპროტესტო აქციების მონაწილე ნიკოლოზ დარსალიას 26 მაისის აქციაზე ფერადი კვამლის გაშვების გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

თუმცა, იმის გამო, რომ დარსალიას ამ მუხლით უკვე ჰქონდა სახდელი დადებული, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ საქმის წარმოება შეწყვიტა და ის შსს-ს დაუბრუნა იმ მოტივით, რომ საქმე შესაძლოა, სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდეს.

როგორც ადვოკატი ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფერადი კვამლის გაშვება განმარტა, როგორც პიროტექნიკის გამოყენება.

2024 წლის დეკემბერში „შეკრებებსა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ პიროტექნიკური ნაწარმი.

პირველ ჯერზე ქმედება ადმინისტრაციული წესით ისჯება. ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

„ჩემი აზრით, ეს ემსახურება არა მხოლოდ აქტიური მოქალაქეების დაშინებას, არამედ საზოგადოებაში შიშის დათესვას, რომ ვერავინ გაბედოს რეჟიმის წინააღმდეგ ხმის ამოღება.

წელს ჩავირიცხე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, რომელიც არის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, მდებარეობს ვენაში და იქ ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას. როგორც ჩანს, რეჟიმისთვის ეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან რეჟიმს ეშინია განათლებული ადამიანების. ჩემი მიზანი არის, რომ ევროპაში წავიდე, მივიღო უკეთესი განათლება და ეს განათლება ჩემს ქვეყანას მოვახმარო”, – ამბობს ნიკოლოზ დარსალია.

მანიფესტაციების შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რომელიც კანონით აკრძალული ქმედების განმეორებით ჩადენის გამო სისხლის სამართლის წესით დასჯას ითვალისწინებს, სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

აღნიშნული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია სხვა სარჩელებიც.

 

61 წლის ზურა მენთეშაშვილს მოსამართლე გალუსტაშვილმა გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით 9-თვიანი პატიმრობა სწორედ ამ მუხლის საფუძველზე შეუფარდა. ზურა მენთეშაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.