აქციაზე ნაცემი მოქალაქე, „კრიპტობაზრის“ დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა ამბობს, რომ ტელეფონიც წაართვეს, რის გამოც $68 000-ის კრიპტოაქტივი დაკარგა.
ავთანდილ კუჭავას პოლიციამ 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სცემა. მას ჰქონდა ტვინის შერყევა და წინა მხრის ძვლის მოტეხილობა. მისივე თქმით, ცემის დროს წაართვეს მობილური ტელეფონი, სადაც დროებითი კრიპტოსაფულე ჰქონდა, ხოლო გასაღების – 12 სიტყვის ამოწერას სახლში დაბრუნების შემდეგ აპირებდა. ვინაიდან ეს პოლიციის ქმედებების გამო ვერ მოახერხა, კრიპტოსაფულესა და შესაბამისად, აქტივებზე წვდომა დაკარგა.
ავთანდილ კუჭავა სთხოვდა იმათ, ვინც ტელეფონი წაართვა, დაებრუნებინა მისთვის ეს მოწყობილობა – ამისთვის გეგმავდა ტელეფონის ღირებულების ორმაგი ოდენობის თანხის გადახდას და კრიპტოაქტივების 30%-ის [$23 ათასის] გაცემას.
თუმცა, დღეს თქვა, რომ მისი ტელეფონიდან icloud წაშალეს, შესაბამისადა, ახლა ამ კრიპტოსაფულეზე წვდომა ამ მოწყობილობიდანაც შეუძლებელია.
„მოკლედ, დასრულდა. ჩემს მობილურზე icloud წაშალეს, – 56 000 $-ს კრიპტოაქტივი და -12 000 USDT
ჯამში – 68 000$-ში დავრჩი ამ ყველაფრის გამო.
გუშინ იყო ბოლო იმედი, რომ ეგ არ ჰქონდა გაკეთებული, ვინც ეგ აიფონი ჩაიბარა, მაგრამ დევაისებიდანაც გაქრა აიქლაუდზე. როგორც მოსალოდნელი იყო, საფულის აღდგენა არ გაკეთდა.
ამიტომ ახლა ის ფული ასე ჰაერში იქნება სამუდამოდ გამოკიდებული და ვეღარასდროს ვერავის წვდომა ვეღარ ექნება“, – დაწერა ავთანდილ კუჭავამ.