4 ოქტომბერს აქციაზე სამთავრობო მედიებისთვის ხელშეშლის მუხლით ბრალდებულ 7 პირს გირაო შეეფარდა.
ესენი არიან: გიორგი დუშენკო, მარიამ ოთინაშვილი, თამარ კირტავა, ირაკლი წულაია, თამუნა კირტავა, ვახტანგ გაბელაია, ინგა პაპუნაშვილი- გაბელაია და ალექსანდრე ცნობილაძე.
6 მათგანს გირაოს სახით 3 000 ლარის გადახდა შეეფარდა. ირაკლი წულაიას კი 5 000 ლარი.
დაცვის მხარე ბრალდებულების აღვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ. პროკურატურის ცნობით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ასევე, ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.
ექვს ბრალდებულს ბრალდება წარედგინა შემდეგი მუხლით – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან.
მუხლი სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს, ან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს. ირაკლი წულაიას კი ბრალი წარედგინა აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობის მუქარით იგივე დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.
ეს ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 დეკემბერს, 16 საათზე ჩაინიშნა.